მედია – ღაზადან ეშქოლში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დაიღუპა

18-05-2021 16:52:26 მსოფლიო

ღაზადან ეშქოლის რაიონში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ისრაელის სამედიცინო დახმარების, კატასტროფებისა და სასწრაფო დახმარების ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

მისივე ცნობით, ორივე გარდაცვლილი მუშა იყო. ისინი 30 წლამდე მამაკაცები არიან.

მედიკოსების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებით კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. დაზარალებულთა ევაკუაცია ბეერ-შევას Soroka Medical Center–ში განხორციელდა.

ცნობისთვის: 9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში თითქმის უწყვეტად გრძელდება. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყება. მათ შორის ათობით ბავშვია.

9 დღეში კონფლიქტს 222 ადამიანი, მათ შორის 63 ბავშვი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 212 ადამიანი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.

მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები