ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მონაწილეობით "ასოცირებული ტრიოს" ჩამოყალიბებას მიესალმება

18-05-2021 17:30:43 ევროპა ,პოლიტიკა

ევროკავშირი პატივს სცემს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას ევრომისწრაფებებს და მიესალმება მათი მონაწილეობით ე.წ. "ასოცირებული ტრიოს" ჩამოყალიბებას. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელმა პეტერ სტანომ განაცხადა.

"ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ არჩევანსა და სწრაფვას. ეს ქვეყნები ევროკავშირის ახლო მეზობლები და პარტნიორები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ყველა ჩვენი მეზობელი სუვერენულია და დამოუკიდებელი. ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩევანს, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სტრატეგიულ მიზნებს, კერძოდ, მათ შორის ევროინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას", - აღნიშნა მან.

დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ასოცირების შესახებ არსებული დოკუმენტების, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონების შესახებ შეთანხმებების საფუძველზე ევროკავშირი "იზიარებს ამ ქვეყნების პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განმტკიცების მხარდაჭერას".

"ევროკავშირი მხარს უჭერს თითოეულ ამ ქვეყანას მათი რეფორმირებისა და გარდაქმნების პროცესში, მნიშვნელოვან დროს, ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს მათ მოქალაქეთა ცხოვრების დონის ასამაღლებლად და სხვა სიკეთეების მისაღწევად. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ასოცირების შესახებ შეთანხმებების სრულფასოვნად აღსრულებაზე, რათა სრულად გამოვიყენოთ მისით მოცული შესაძლებლობები", - დასძინა სტანომ.

ცნობისთვის: ორიოდ დღის წინ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააფორმეს მემორანდუმი სამი ქვეყნის მონაწილეობით "ასოცირებული ტრიოს" ჩამოყალიბების თაობაზე, რაც ევროინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები