​"სამხედრო ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თითოეულ სარაკეტო ცეცხლზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ"

18-05-2021 18:12:05 მსოფლიო

"სამხედრო ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ისრაელი თითოეულ რაკეტაზე პასუხის გამკაცრებას დაიწყებს", - ამის შესახებ, ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შემდეგ სარაკეტო ცეცხლზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის: 9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში თითქმის უწყვეტად გრძელდება. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყება. მათ შორის ათობით ბავშვია.

9 დღეში კონფლიქტს 222 ადამიანი, მათ შორის 63 ბავშვი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 212 ადამიანი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.

13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.

მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები