გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა
19/05/2021 07:22:30 სამართალი
დღეს 5 წელი შესრულდა ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
მკვლელობის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მოტივით მალევე შეწყვიტა, მიუხედავად მკვლელობის ამსახველი კადრების არსებობისა
საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს რაშიდ კანჯი-ოღლის, რომელსაც ქართულმა სასამართლომ 2017 წელს, დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა.
„ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ," - დაწერა ამასთან დაკავშირებით „ფეისბუქ“–გვერდზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში იცავენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. ამას წინ უძღოდა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ რუსეთის ფედერაციისადმი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისადმი არაერთი უშედეგო მიმართვა, გამოეძიებინათ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე.


