
„უცნაური ფაქტია. რეაგირება გვექნება“ – ჯაღმაიძე ანტიოქიის პატრიარქის მიერ ბჟანიას მიღებაზე საუბრობს
19/05/2021 10:49:45 კონფლიქტები, საზოგადოება
ანტიოქიის პატრიარქის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მიღებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ნეგატიური მოვლენა და უცნაური ფაქტი უწოდა.
როგორც ჯაღმაიძე ამბობს, საპატრიარქოს რეაგირება ექნება.
"ეს არის ნეგატიური მოვლენა. უცნაური ფაქტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა მანამდე საჭირო არის გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების და რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას, ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, ალბათ დღის განმავლობაში გარკვეულ ფორმას შეიძენს," - განაცხადა დეკანოზმა.
აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოსადმი მძაფრი კრიტიკით გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე:
„სირიის დიქტატორის, ასადის მონამ – ანტიოქიის პატრიარქმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს ოფიციალურად უმასპინძლა.
ანტიოქიის საპატრიარქო აღნიშნული შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ასლან ბჟანიას იხსენიებს აფხაზეთის პრეზიდენტად და აცხადებს, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ სირიისა და აფხაზეთის ოფიციალური დელეგაციები.
საქართველოს საპატრიარქომ უნდა იმოქმედოს ადეკვატურად, დაუყონებლივ გამოხატოს პროტესტი მომხდარის გამო და სათანადო ოფიციალური საპროტესტო წერილი გაუგზავნოს ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს იოანე მეათეს. აღსანიშნავია ასევე, რომ ანტიოქიის პატრიარქები ბოლო საუკუნეებია თავის სრულ, ოფიციალურ ტიტულში თავს უწოდებენ ივერიის პატრიარქს, საქართველოს საპატრიარქომ კი წლების მანძილზე არაფერი იმოქმედა ანტიოქიელთა ამ თავხედობის საწინააღმდეგოდ“.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე X-მ მიიღო. შეხვედრა პატრიარქის რეზიდენციაში, ბჟანიასა და აფხაზური დელეგაციის სირიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მანამდე აფხაზი დე ფაქტო ლიდერი სირიის პრეზიდენტსა და პრემიერსაც შეხვდა.
გარდა ამისა, დამასკოში "აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო წარმომადგენლობის" გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს მისი კანონიკური ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, ასეთად თვლიან მას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიც, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით. 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ქართველ სასულიერო პირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე წვდომა აღარ აქვთ. ერთადერთი ღვთისმსახური, რომელიც ქართული ეკლესიის მიერ იყო ხელდასმული და მსახურება არ ეკრძალებოდა, ამჟამინდელი "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლი ბესარიონ აფლია გახლდათ. ომის შემდეგ იგი ცხუმ-ბიჭვინთის ეპარქიას ედგა სათავეში, რომელიც მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლების მიერ "აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად" იქნა დარეგისტრირებული. თავად ბესარიონი აფხაზური ეკლესიის იერარქად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ასახელებს.
აფხაზეთში რეგისტრირებულია ასევე სხვა მართლმადიდებელი ორგანიზაცია - "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია" ცენრით ახალ ათონში. მისი ჩამოყალიბება იქცა რეაქციად რუსული ეკლესიის მცდელობაზე, ახალი ათონის მონასტრის წინამძღოლი რუსეთიდან დაენიშნა. მონასტრის სასულიერო მსახურები მამა დოროთეს (დბარის) თაოსნობით აფხაზური ეკლესიის საკითხს დაურეგულირებლად მიიჩნევენ და ადგილობრივ მორწმუნეთა სახელით მიმართავენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს თხოვნით, ეს დავა მართლმადიდებელთაშორისი კომისიის სხდომაზე გადაჭრას.
საქართველოში დროებით ზომად განხილებოდა აფხაზეთის დროებით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადაცემის შესაძლებლობა. ამ ინიციატივით თავის დროზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ექს-მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამოვიდა. თუმცა საქართველოს საპატრიარქომ, რომელიც თავის საგარეო საეკელსიო პოლიტიკაში უფრო ხშირად მოსკოვის საპატრიარქოს მხარეს იკავებს, წინადადება უკუაგდო.
აფხაზეთის ორ მართლმადიდებელ თემს შორის პერიოდულად დაძაბულობა იზრდება. მიზეზი "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" მოთხოვნაა, "წმინდა მიტროპოლიამ" ახალი ათონის მონასტერი დაცალოს და მას გადასცეს.