დოდონი "ასოცირებული ტრიოს" ანულირებას მოითხოვს

20-05-2021 14:10:15 ევროპა

მოლდოვას ექს-პრეზიდენტი, სოციალისტთა პარტიის ლიდერი იგორ დოდონი კიშინიოვს, კიევსა და თბილისს შორის ევროინტეგრაციის საკითხებში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილ მემორანდუმს "დაუფარავად ანტირუსულ, ძალზე საშიშ დოკუმენტად" მიიჩნევს და მის ანულირებას მოითხოვს.

«ეს ძალზე საშიში დოკუმენტია. მე ვკითხე აურელიუ ჩოკოის (მოლდოვას პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი – რედ.), «რა გააკეთეთ? ვინ მოგანიჭათ ამის უფლებამოსილება? ვის სჭირდება ეს ერთობლივი დეკლარაცია?». მესმის უკრაინისა და საქართველოსი, რომლებიც ნატო-ში ისწრაფვიან. მაგრამ მოლდოვა სად მიძვრება? ჩვენი პრობლემები არ გვყოფნის? საქმე არ გვაქვს? გადაუჭრელი გვაქვს დნესტრისპირეთის საკითხი, ისინი კი ვიღაცის წინააღმდეგ რაღაცას აფორმებენ», – განაცხადა დოდონმა და დასძინა, რომ აუცილებელია ამ მემორანდუმის ანულირება.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებმა ე.წ. "ასოცირებული ტრიოს" შესახებ სამმხრივ მემორანდუმს 17 მაისს მოაწერეს ხელი.

იგორ დოდონს პრორუსულ, ხანდახან კი უშუალოდ პროპუტინურ პოლიტიკოსად მოიაზრებენ. მის ქართველ მეგობრებს შორისაა ულტრაკონსერვატიული და ანტიდასავლური განცხადებებით ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წონ ოფიციალურად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე და პარტიაც ჩამოაყალიბა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები