
ბაშარ ასადი: "აფხაზეთში ჯერ ნამყოფი არ ვარ - და უკვე მენატრება"
20/05/2021 14:01:45 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით დღეს სირიაში "ოფიციალურ" ვიზიტს ასრულებს.
დღეს დილით დამასკოში ბჟანიას დროებით რეზიდენციას პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ესტუმრა და აფხაზი ლიდერი საუზმეზე მიიწვია. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახური აღნიშნავს, "განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ავტომობილს, რომლითაც ორი ქვეყნის ლიდერები რესტორანში გაემგზავრნენ, თავად ბაშარ ასადი მართავდა".
ასლან ბჟანიამ მადლიერება გამოხატა სირიაში აფხაზური დელეგაციის თბილი მიღებისთვის და სირიის ლიდერი აფხაზეთში მიიწვია. თავის მხრივ, ასადმა აფხაზეთს "მშვიდობა და კეთილდღეობა" უსურვა, მიწვევისთვის მადლობა გადაიხადა და დასძინა, რომ "აფხაზეთში ჯერ ნამყოფი არ არის, თუმცა უკვე ენატრება".
ცნობისთვის: სირიამ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის მარტში აღიარა. გასული წლის 6 ოქტომბერს კი დამასკოში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა.