27 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მაზლი დააკავეს
21/05/2021 11:32:21 სამართალი
27 წლის ქალის მიმართ ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მაზლი დააკავეს.
ქალის ადვოკატის თამარ იარაჯულის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად 7 წლის განმავლობაში ძალადობდნენ.
უფლებადამცველი ასევე ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში ძალადობის მსხვერპლი ქალის და მისი შვილების გამოკითხვა დარღვევით მიმდინარეობდა. მისი თქმით, არასრულწლოვნები პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ, საქმეში კი სოციალური მუშაკი არ ჩაერთო.
"7 წელია ცხოვრობს ერთ-ერთ ოჯახში, სადაც მუდმივად როგორც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი აცხადებს, მასზე მუდმივად ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არამარტო მეუღლე, არამედ მთელი ოჯახი. ძლივს მოინახა თავშესაფარი, სადაც გადაიყვანდნენ ბავშვებს. ამ პერიოდში ბავშვების უფლებები დაირღვა იმიტომ, რომ არ ესწრებოდა სოციალური მუშაკი, არ იყო ფსიქოლოგი ჩართული, ღამის საათებში რატომ უნდა იყოს ბავშვი უჭმელი და უძილო პოლიციაში. ასევე, არ მანახეს სავარაუდო დაზარალებული", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი საგამოძიებო უწყებას უმოქმედობაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქმის მასალებში მტკიცებულებად დევს აუდიო ჩანაწერი, რომელიც მან პოლიციას ერთი წლის წინ გადასცა. თამარ იარაჯულის თქმით, აუდიო ჩანაწერი დანაშაულის და მუქარის ნიშნებს შეიცავს, რაზეც პოლიციას რეაგირება არ ჰქონია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 151-ე მუხლით (მუქარა) მიმდინარეობს.


