ინგუშეთის მკვიდრთ განუცხადეს, რომ პოლიგონს "საქართველოში ნატო-ელი ჯარისკაცების გამო" აშენებენ

21-05-2021 17:53:03 კავკასია ,თავდაცვა

სამხედრო პოლიგონ "ნესტეროვსკის" მშენებლობის თემამ ინგუშეთში ფართო რეზონანსი გამოიწვია. სამხედროები ცდილობენ, დაარწმუნონ შეშფოთებული მოქალაქეები, რომ სამხედრო ობიექტი ადგილობრივთათვის საფრთხეს არ შექმნის და რომ მისი მშენებლობის აუცილებლობა "საქართველოში ნატო-ელ ჯარისკაცებს" უკავშირდება.

გაზეთ «Ингушетия»-ს ცნობით, დაბა ნესტეროვსკოეს მოსახლეობას 58-ე არმიის სარდალი მიხეილ ზუსკო შეხვდა და შემდეგი განუცხადა: "არავისთვისაა საიდუმლო, რომ ქედზე საქართველოსთან საზღვარი გადის, მის ტერიტორიაზე კი ახლა ნატო-ელი სამხედროები არიან. ადრე ვფიქრობდით, რომ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში, მაგრამ ახლა ისინი მოვიდნენ, აგერ, ჩვენს გვერდში არიან უკვე. ამიტომაც ვაძლიერებთ ამ მიმართულებას - არა მარტო ინგუშეთის, არამედ მთლიანად რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად».

ზუსკოს მტკიცებით, ამ მიმართულების გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2018 წელს იქნა მიღებული, საუბარია მოტომსროლელი პოლკის ფორმირებაზე, რომლის შემადგენლობის რიცხოვნობამ წლის ბოლოსთვის 2,5 ათასი უნდა შეადგინოს.

«პოლკი უბრალოდ ყაზარმებში ვერ იჯდება, სადღაც უნდა ივარჯიშოს. ყველგან, ყველა რესპუბლიკაში - დაღესტანში, ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ჩვენი ქვედანაყოფები დგანან, პოლიგონებიც არსებობს. შესაბამისად, აქაც უნდა დავაარსოთ», – დასძინა 58-ე არმიის სარდალმა.

გეგმის თანახმად, პოლიგონი 6300 ჰექტარ მიწაზე მოეწყობა. საუბარია ტერიტორიაზე, რომელზეც X-XIV საუკუნის ინგუშური ისტორიული ძეგლეებია განთავსებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები