გვრიტიშვილი: "მოსამართლე წევრების დანიშვნა არ უნდა გადაიდოს, საბჭო პარალიზებული იქნება"
24/05/2021 17:52:10 სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ 26 მაისს საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა ვერ გადაიდება.
გვრიტიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა განსაზღვრული რაოდენობა სჭირდება, რათა სხდომა გაიხსნას და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილებები.
„არ უნდა გადაიდოს იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს საქმიანობა იქნება პარალიზებული. ელემენტარულად შეკრებას, სხდომის ჩატარებას ვერ შეძლებს. კანონის თანახმად, სულ მცირე რვა წევრის კვორუმია საჭირო, რომ სხდომა გაიხსნას და გადაწყვეტილებაუნარიანი იყოს საბჭო. მხოლოდ ეს ლეგიტიმური ინტერესი გვამოძრავებს მოსამართლეებს, როცა დავგეგმეთ და ვაპირებთ ჩავატაროთ კონფერენცია 26 მაისს ახალი მოსამართლე წევრების ასარჩევად", – აცხადებს გვრიტიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის ასარჩევად მოსამართლეთა კონფერენცია 26 მაისისთვის დაინიშნა. კონფერენციაზე შერჩეულმა კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია უნდა ჩაანაცვლონ. ხსენებულ პირებს უფლებამოსილების ვადა ივნისის ბოლოს ეწურებათ.
საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კონფერენცია მაქსიმალურად ადრე დაინიშნა და ამის მიზანია, სასამართლო სისტემაში არსებულმა გავლენიანმა ჯგუფმა კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა


