TI -საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი რამდენიმე ცვლილება გადახედვას საჭიროებს
25/05/2021 08:00:35 სამართალი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) მიესალმება, რომ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმების მთავარი საკითხები უკვე აისახა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებში, თუმცა მიიჩნევს, რომ რამდენიმე ცვლილება შეთანხმების სულისკვეთებასა და მიზნებს სრულად არ შეესაბამება.
ორგანიზაციის ცნობით, პროფესიული ნიშნით წარდგენილი ცესკოს წევრობის კანდიდატების ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრებს შორის ვადების შემცირება პარტიებს შორის კონსენსუსის აუცილებლობას გამორიცხავს და მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, მისთვის სასურველი კანდიდატი მარტივად აირჩოს. ცვლილება შეეხება პროფესიული ნიშნით ცესკოს წევრების პარლამენტის მიერ არჩევის წესს და ვადებს, კერძოდ კი, ამ პროცესში ჩადებულ ე.წ. პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს.
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ით (100 ხმა) უნდა აირჩიოს, თუმცა თუ არც ერთ კანდიდატს პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა არ ექნება, იგივე კანდიდატებს კენჭი ხელახლა უნდა ეყაროთ. შარლ მიშელიშ შეთანხმებით, პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3- დასჭირდება. მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება. ამასთან, ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.
თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, ყოველ კენჭისყრას შორის სავალდებულო მინიმალური ვადა 4 კვირიდან 1 კვირამდე ერთჯერად, მხოლოდ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის შემცირდა, რაც ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვნად ამცირებს პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამენტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას აძლევს ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აირჩიოს მისთვის მისაღები კანდიდატი.
მისივე ცნობით. “საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ წევრების დანიშვნის წესი ერთი პარტიის — „ევროპელი სოციალისტების” სასარგებლოდ და მეორე პარტიის — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საზიანოდ არის შეცვლილი, რაც პრინციპულად არასწორი და არასამართლიანია".
“პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, თითოეულ საარჩევნო კომისიაში 17 წევრიდან 9 წევრი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დანიშნონ. ერთ პარტიას მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს. ეს ჩანაწერი იმიტომ გაკეთდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, შესაბამისად, თითო სუბიექტს თითო წევრი უნდა დაენიშნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებული ცვლილებებით, ეს წესი არის გათვალისწინებული, თუმცა მასში შევიდა ერთი დაზუსტება, რომელიც პირდაპირ მოერგო „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესული წევრების მიერ შექმნილ ახალ პარტია „ევროპელ სოციალისტებს“. ამ დაზუსტებით, პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილი ყველა პარლამენტარი დატოვებს ამ პარტიას და სხვა პარტიაში გაწევრიანდება. ასეთ შემთხვევაში, ამ ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. გარდა იმისა, რომ ასეთ დებულებას პოლიტიკური შეთანხმება არ ითვალისწინებს, პრინციპის დონეზეც არასამართლიანი და არასწორია ერთი პარტიის „დასჯა“ იმის გამო, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შეფასებით, ცესკოს მოადგილეების რაოდენობის გაზრდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილის მნიშვნელობას გარკვეულწილად ამცირებს.
“პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული წევრი უნდა იყოს. ამ ცვლილების მიზანი ის არის, რომ ოპოზიციურ პარტიებს უფრო მაღალი ნდობა ჰქონდეთ ცესკოს მიმართ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება — ერთ-ერთი მათგანი ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი იქნება, მეორე კი — პროფესიული ნიშნით არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველ რიგში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრი შეასრულებს, მეორე მოადგილის არსებობა გარკვეულწილად ასუსტებს იმ მექანიზმს, რაც პოლიტიკურ შეთანხმებაში არის ჩადებული. ვინაიდან ცესკოში პროფესიული ნიშნით უკვე არჩეულ წევრებს, მათ შორის ამჟამინდელ მოადგილეს, უფლებამოსილება არ უწყდებათ და მათი მიუკერძოებლობის კუთხით წინა არჩევნებზე გარკვეული კითხვები არსებობდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ცვლილება ცესკოში მმართველი პარტიის პოზიციების გამყარებას ემსახურება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პარტიებს მოუწოდებს, კიდევ ერთხელ გადახედონ ამ ცვლილებებს და ისინი პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებას მაქსიმალურად შეუსაბამონ.


