
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და აღდგენის აქტები
25/05/2021 20:27:28 ეს საინტერესოა
1918 წლის 24 ივნისს ამიერკავკასიის კომისარიატის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა საქართველოს ეროვნულ საბჭოს ამცნო, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა უიმედო იყო და სჯობდა, დამოუკიდებლობა დაუყოვნებლივ გამოეცხადებინათ.
დამოუკიდებლობის აქტის საბოლოო ვერსია 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე, მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე რუსთაველის გამზირზე) მიიტანეს, ნოე ჟორდანიამ ეროვნული საბჭოს წევრებსა და შეკრებილ საზოგადოებას აქტი წაუკითხა და 4 საათსა და 50 წუთზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
დამოუკიდებლობის აქტი ყოველგვარი შესწორების გარეშე დაამტკიცეს. მას 88 პირმა მოაწერა ხელი. დამოუკიდებლობის აქტი ხელმეორედ 1919 წლის 12 მარტს დაამტკიცეს, როცა საქართველოს მოსახლეობამ დამფუძნებელი კრება აირჩია. მაშინ დოკუმენტს 101-მა პირმა მოაწერა ხელი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი 7 მთავარ ჩანაწერს მოიცავს:
მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს, ყოველი მხრით მტრისგან შევიწროვებული, საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქარველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.
რუსეთის დიდის რევოლიუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.
დარჩნენ რა თვისის ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შექმნეს. მაგრამ, გარეშე ძალთა ზედგავლენით, ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
ქართველ ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისის საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
ამისდა თანახად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ, დღეს საყოველთაოდ აცხადებს:
1. ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა — დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთბის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით-კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისს საზღვრებში თანასწორად უზრულველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.
6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზეც მოსახლე ყველა ერს.
7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვაგამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ 3 წელი იარსება: 1921 წლის 25 თებერვალს, 12:00 საათზე თბილისი დაეცა, საქართველო საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლი გახდა.
1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი
"თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?" — 1991 წლის 31 მარტს რესპუბლიკის მოსახლეობის 98%-მა ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა და პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და შესაბამისი აქტი გამოსცა:
"საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.
1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.
საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.
1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.
საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანია და განუყოფელი. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.
საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.
საქართველოს რესპუბლიკა, ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება".