247–მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო

26-05-2021 11:32:52

თბილისში, თავისუფლების მოედანზე თავდაცვის სამინისტროს რეკრუტების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

დედაქალაქის გარდა, რეკრუტებმა ფიცი დადეს სვანეთში, აჭარაში, ფარავნის ტბაზე, ჯვრის მონასტერთან და ნეკრესის მონასტერთან.

სამხედრო ფიცი 247–მა რეკრუტმა დადო.

ფიცს დადების ცერემონიამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას.

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. კორონავირუსის პრევენციიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა არ იმართება.

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ – 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

Новости

Другие новости