ზალკალიანი – მინსკის ინციდენტზე: "ჩვენი განცხადება, რა თქმა უნდა, გულისმხობდა იმ ადამიანს, ვის გამოც მოხდა თვითმფრინავის დაბრუნება"

26-05-2021 14:18:40 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიური უწყების მიერ მინსკის ინციდენტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და აღნიშნავს, რომ იგი, "რა თქმა უნდა" გულისმხობდა იმ ადამიანს, ვის გამოც მოხდა თვითმფრინავის დაბრუნება".

"ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე ჩვენ მყისიერად გავაკეთეთ რეაგირება. დაუყოვნებლივ მოვუწოდეთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც უკანონოდ იყო დაკავებული, გათავისუფლებულიყო. რა თქმა უნდა, ჩვენი განცხადება გულისმხობდა იმ ადამიანს, ვის გამოც მოხდა თვითმფრინავის დაბრუნება", – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველო მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებასაც შეუერთდა:

„რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას, რომელიც იქნა მიღებული ამ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირაა საუბარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და საქართველო არის თანამონაწილე და ჩვენ ამ განცხადების ხელმომწერი ვართ. ჩვენ ყველანაირად ვიქნებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გვერდით იმისთვის, რომ ფუნდამენტური უფლება - ადამიანის უფლებები იყოს დაცული“.

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს გამოეხმაურა იმგვარი ფორმულირებით, რომ დაკავებული ჟურნალისტი არ უხსენებია:

“მივესალმებით "Ryanair"-ის რეისის უსაფრთხო დაშვებას მისი თავდაპირველი დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მოგზაურობის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები