ლუკაშენკომ Ryanair-ის თვითმფრინავის ინციდენტის ახალი ვერსია წარმოადგინა

26-05-2021 15:43:20 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის ახალი ვერსია წარმოადგინა. ამჯერად იგი ირწმუნება, რომ შეტყობინება ათონიდან ვილნიუსში მფრენი ლაინერის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შვეიცარიიდან მიიღეს.

"თვითმფრინავი "ბელასთან" შემოაბრუნეს. ვაი და ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყო მოყვანილი?" - განაცხადა ლუკაშენკომ [რეალურად, დღემდე არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟს ლაინერის მინსკში დასმის რეკომენდაცია ქალაქ ლიდას თავზე ფრენისას მისცეს, საიდანაც ატომურ ელექტროსადგურამდე დაახლოებით 100 კმ-ია - რედ.]. - ეკიპაჟმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, ლაინერი მინსკში დაესვათ, ბელარუსულ გამანადგურებლებს არავინ უიძულებიათ! თვითმფრინავმა მინსკში დაჯდომა ვერ მოასწრო - და დასავლეთიდან უკვე კრიტიკისა და ფრენების აკრძალვების ტალღა წამოვიდა. რაღაც საეჭვოდ სწრაფად მოახდინეს რეაგირება! მინსკში თვითმფრინავიდან სამი ადამიანი ჩამოვიდა, რათა ვილნიუსიდან არ დასჭირვებოდათ დაბრუნება, მაგრამ ისინი უშიშროების ფეიქ-თანამშრომლებად გაასაღეს!" - განაცხადა ლუკაშენკომ.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია შეტყობინების შვეიცარიიდან მიღების შესახებ პირველად ჟღერს. მანამდე ადგილობრივ სახელმწიფო მედიაში ვრცელდებოდა ცნობები რამდენიმე ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული "ჰამასის" მხრიდან თითქოსდა მიღებული მუქარების შესახებ, რაც მოგვიანებით თავად "ჰამასმა" კატეგორიუად უარყო.

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები