ევროკავშირის ავიარეგულატორმა მოუწოდა მსოფლიო ავიაკომპანიებს, ბელარუსის საჰაერო სივრცეს თავი აარიდონ

26-05-2021 17:48:02 ევროპა

ევროკავშირის ავიარეგულატორმა მოუწოდა მსოფლიო ავიაკომპანიებს, "უსაფრთხოების მიზნებიდან და კომპანია Ryanair-ის ლაინერთან დაკავშირებული ინციდენტიდან გამომდინარე", ბელარუსის საჰაერო სივრცეს თავი მოარიდონ.

"მინსკის მოქმედებამ Ryanair-ის რეისს მომეტებული რისკი შეუქმნა და კითხვები წარმოშვა ბელარუსის მიერ უსაფრთხო საჰაერო მომსახურების გაწევის უნართან დაკავშირებით. ამ მოვლენებთან დაკავშირებული გარემოებები სერიოზულ ეჭვებს იწვევს ბელარუსის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესების დაცვის კუთხით. ვურჩევთ როგორც ევროპაში ბაზირებულ, ისე ყველა დანარჩენ ავიაგადამზიდს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს რეისებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლას თავი აარიდონ" - ნათქვამია ევროპის ავიარეგულატორის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რიგი ევროპული ავიაკომპანიები თავისი ლაინერების რეისებს უკვე ცვლიან. ბელარუსის თავზე ევროპასა და აზიას შორის დერეფანში ფრენები შეწყვიტეს ისეთმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Lufthansa, KLM, SAS, Air France, LOT, Singapore Airlines.

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები