
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომეხი ჯარისკაცები დააკავეს – ბაქოს და ერევნის ვერსიები
27/05/2021 07:57:53 კავკასია
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ტყვედ აიყვანეს.
უწყების ვერსიით, „სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, ქალბაჯარის რაიონში, სოფელ იუჰარ-აირიმის მიმართულებით სცადა შეჭრა“.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, დააკავეს მოწინააღმდეგის ექვსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე მიმავალი მომარაგების ხაზების დანაღმვას გეგმავდნენ.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, დილიდან აზერბაიჯანის საზღვართან, სომხეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე სამხედრო მანქანა და ტანკიც იყო მობილიზებული, რომელთა მოძრაობა შესაბამისი ზომების მიღების შედეგად შეჩერდა.
სომხეთის თავადაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 27 მაისს, დილით გეგარქუნიქის რაიონში, აზერბაიჯნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ალყაში მოაქციეს და შემდეგ ტყვედ აიყვანეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ექვსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ტარდება ყველა ზომა სომეხი ჯარისკაცების უკან დასაბრუნებლად.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს პროვოკაცია უწოდა:
„მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ხაზს ვუსვამთ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება პასუხისმგებლობა მათი შეიარაღებული ძალების ყველა ქმედებაზე და დამდგარ შედეგებზე“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპასუხოდ აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ „სომხეთის რესპუბლიკა ორი ქვეყნის საზღვარზე დაძაბულობის განზრახ ზრდის პოლიტიკას უკვე დიდი ხანია აწარმოებს“:
„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხური დივერსიული ჯგუფის მიერ დანამღმვისა და დივერსიის განხორციელების მორიგი მცდელობები შესაძლოა მნიშვნელოვან საფრთხედ იქცეს აზერბაიჯანელი სამხედროებისთვის და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის. აზერბაიჯანი მხარს უჭერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შემცირებას მოლაპარაკებების გზით და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს სახელმწიფოთშორისი საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ. აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობები დაუშვებელია. სომხეთმა თავი უნდა შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის გაზრდას სასაზღვრო ზონაში და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნის საზღვრებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.