„გ.ზ.-მ არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა“ – დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება
27/05/2021 14:40:13 სამართალი
40 წლამდელ პირს მოზარდის არაერთგზის გაუპატიურებისთვის წარუდგინეს ბრალი. საუბარია გორში განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი დღეს გახდა.
გამოძიების ვერსიით, 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში გ.ზ.-მ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა. გ.ზ. დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა.
დანაშაულის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 21 მაისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
სამართალდამცველებმა გ.ზ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 25 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.


