„მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი“ – საჯარო მოხელე ჟურნალისტს დაემუქრა
27/05/2021 17:58:17 სამართალი
ჟურნალისტმა ნაზი რეხვიაშვილს ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრ ნუგზარ სოლომონიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

როგორც ირკვევა, საჯარო მოხელემ „რომ მოვა დრო, მერე მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი, ვერ გიცნივარ“, – ამ შინაარსის შეტყობინებები ჟურნალისტს მას შემდეგ მისწერა, რაც ნაზი რეხვიაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“–გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნუგზარ სურმანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენიებს, ასევე ამბობს, რომ ის „ღირსეულად უძღვება რაიონს“.
რეხვიაშვილი მუქარას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და გეგმავს, სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი განცხადებით მიმართოს.
„ფაქტ-მეტრი“მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით:
„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენი უფროსი ანალიტიკოსის ნაზი რეხვიაშვილის მისამართით „ქართული ოცნების“ დეპუტატის მხრიდან გამოთქმულ მუქარას.
დღეს, ხულოს საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნუგზარ სოლომონიძე Facebook-ზე ჩვენს ანალიტიკოსს დაუკავშირდა და დაემუქრა. საკრებულოს დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ "TV 25-ისთვის" მიცემული ინტერვიუს სოციალურ ქსელში გაზიარებამ.
ნუგზარ სოლომონიძე შეურაცხმყოფელი ტერმინებით იხსენიებს ჩვენს ანალიტიკოსს და ემუქრება. დეპუტატი წერს: „მოვა დრო და მიხვდები, რა საფრთხეში გააბი შენი მომავალი. ვერ გიცნივარ.“ ჟურნალისტებზე მუქარა და ზეწოლა დაუშვებელია. ამგვარი ქმედებები ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიული განვითარების პროცესს, ვინაიდან მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას და, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტიც კი იქონიოს.
მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თავს აძლევენ უფლებას, ჟურნალისტებს დაემუქრნონ, დაისაჯონ კანონის შესაბამისად. "ფაქტ-მეტრი" მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით. ასევე, ჩვენი ანალიტიკოსი მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი განცხადებით“.
"აქცენტი" შსს–ს დაუკავშირდა კითხვით, მოხდა თუ არა რეაგირება და პასუხის მოლოდინშია.


