Accentnews.ge
«დავრჩით საქართველოსთან დიალოგის შესაძლებლობის გარეშე, კვლავ მხოლოდ რუსეთის ამარა, ანუ სრულ უპერსპექტივობაში»: რას ფიქრობენ ბჟანიას გადაწყვეტილებაზე აფხაზები

«დავრჩით საქართველოსთან დიალოგის შესაძლებლობის გარეშე, კვლავ მხოლოდ რუსეთის ამარა, ანუ სრულ უპერსპექტივობაში»: რას ფიქრობენ ბჟანიას გადაწყვეტილებაზე აფხაზები

28/05/2021 10:20:31 კონფლიქტები

გასული წლის დეკემბერში აფხაზეთის პრეზიდენტმა სალან ბჟანიამ რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა, რომლის საკვანძო პუნქტი საქართველოსთან მოლაპარაკებების დამატებითი მრავალდონიანი ფორმატის ჩამოსაყალიბებლად პირობების შექმნას ითვალისწინებდა. პირველად ომისშემდგომ ისტორიაში, აფხაზეთის ლიდერმა არა მარტო გააჟღერა განზრახვა ამ მიმართულებით, არამედ იგი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური კურსის ოფიციალურ ნაწილად აქცია.

აფხაზეთის სურვილი, ქართულ მხარესთან საერთო ინტერესის მატარებელი საკითხები სრულიად ახლებურ ჭრილში განეხილა, რა თქმა უნდა, ვერ მოეწონებოდა სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთს, რომელმაც ამაში ურთიერთობათა რაკურსის შეცვლის მცდელობა განჭვრიტა რუსული ორბიტიდან აფხაზეთის გამოსვლის შემდგომი პერსპექტივით. კრემლმა ოფიციალური კომენტარებისგან თავი შეიკავა, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბი იყო. რეალურად, აფხაზეთის პრეზიდენტი ხისტ ინკვიზიციას დაექვემდებარა იმ გავლენიანი რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან, რომლებიც არათუ ითხოვდნენ, მოითხოვდნენ მისგან, ხსენებული პუნქტი საგარეო პოლიტიკური კონცეფციიდან ამოეღო. აფხაზეთის მიერ ამ მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში კი მას ყველა იმ ზომით დაემუქრნენ, რომელსაც რესპუბლიკა ფიზიკურად ვერ გაუძლებდა.

პირველ ეტაპზე ასლან ბჟანიამ რუსი კოლეგების მუქარა მხედველობაში არ მიიღო და აცხადებდა, რომ აფხაზეთს ჯერ კიდევ ძალუძს, თავად აირჩიოს, რა სჯობს მისი მომავლისთვის. კრემლმა ტაიმ-აუტი აიღო. აფხაზური ოპოზიცია კი, რომელიც ბჟანიას გუნდს «ღალატსა და ეროვნული ინტერესების გაყიდვაში» ადანაშაულებდა, ვერა და ვერ დაწყნარდა. განცხადებები, მიმართვები, ბრიფინგები და პრეს-კონფერენციები — რა აღარ მოუწყვეს პრეზიდენტს, მაგრამ ის უკან არ იხევდა.

და აი, სრულიად მოულოდნელად, კონცეფციის დამტკიცებიდან თითქმის ნახევარ წელიწადში, 25 მაისს ბჟანია საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ პუნქტს აუქმებს, თანაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც ოპოზიციისთვის, ისე მოსახლეობისა და თავად ბჟანიას გუნდის წევრთა უმრავლესობისთვისაც კი.

«არ მესმის, რა მოხდა. რამ გადააწყვეტინა პრეზიდენტს, ასე მოულოდნელად შეეცვალა ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი?! ალბათ, ვინმემ ზეწოლა განახორციელა. რატომ არაფერს გვიხსნიან?! რაღაც რომ მოხდა - ცხადია», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე ვიქტორი. მისი აზრით, რაღაც ექსტრაორდინალური უნდა მომხდარიყო, რომ პრეზიდენტს მყისიერად მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება.

«არუაამ» მოითხოვა ამ პუნქტის ამოღება და პრეზიდენტი დაემორჩილა? - ეს ხომ არასერიოზულია?! სასაცილოა უბრალოდ! «არუაა» ნახევარი წელი გაჰკიოდა ამ თავის მოთხოვნას, მაგრამ ყურადღებასაც კი არავინ აქცევდა: მოსახლეობა დიდი ხანია, ამ ორგანიზაციის წევრებს ჩვეულებრივ თვალთმაქცებად აღიქვამს, განაწყენებულ ვეტერანებად, რომელთა დიდმა ნაწილმა თავის დროზე — ხელისუფლებაში ყოფნისას გაძარცვა ჩვენი ქვეყანა, ამის საფუძველზე გამდიდრდა და ახლა ისევ სურს თბილ სახელისუფლებო სავარძლებში დაბრუნება. არა, «არუააში» არ იქნება აქ საქმე — ვიღაც ბევრად უფრო წონადი და გავლენიანი ჩაერთო პროცესში», - დარწმუნებულია ჩვენი თანამოსაუბრე მარია.

ასეა თუ ისე, ორიოდ დღის წინ აფხაზეთი, რომელმაც გასული წლის ბოლოს თავისი საგარეო პოლიტიკური კურსის განვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯი გადადგა, ახლა კვლავ წარსულს დაუბრუნდა, თანაც ამით თავისი საერთაშორისო იმიჯი ათეული, თუ არა ასეული წლებით უკან ჩააჩოჩა.

«რა მივიღეთ ამით? მისივე გადაწყვეტილების გაუქმებით ჩვენმა პრეზიდენტმა ხალხს აჩვენა, რომ ამიერიდან მხოლოდ რუსეთი გვყავს და სრული უპერსპექტივობა მომავალში, რომ კვლავ ვიცხოვრებთ მხოლოდ რუსეთთან, ისევე ცუდად, როგორც აქამდე, სხვა ალტერნატივა კი უბრალოდ აღარ არსებობს», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე სარია. მისი აზრით, აფხაზეთს უფლება აქვს, დამოუკიდებლად აწარმოოს მოლაპარაკებები საქართველოსთან, ყოველგვარი შუამავლებისა და ე.წ. მეგობრების დახმარებით, რომლებიც არა აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს, არამედ საკუთარს იცავენ.

კიდევ ერთი ჩვენი თანამოსაუბრე — დაური დარწმუნებულია, რომ კონცეფციიდან საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ პუნქტის ამოღება აფხაზეთს კარგს არაფერს მოუტანს. «მაშინ სჯობდა, თავიდანვე არ ჩაედოთ! ახლა რა სახით წარვსდექით მსოფლიოს წინაშე?! - ხან თითქოს გვსურს მოლაპარაკებები, ხან — არა? სახელმწიფო, რომელიც ასე იქცევა, აპრიორი ვერ იქნება აღქმული ვერავის მიერ სერიოზულად — ეს ფაქტია!», - განმარტავს დაური.

ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა მომხდარში ავისმომასწავებელს ხედავს. მათი აზრით, თავად აფხაზეთზე უკეთ რესპუბლიკის ინტერესებს ვერავინ დაიცავს, ახლა კი გამოდის, რომ აფხაზეთის, მისი სურვილებისა და საჭიროებების შესახებ კვლავ მხოლოდ მესამე პირები ისაუბრებენ.

«აფხაზეთი კვლავ დარჩა საქართველოსთან სასარგებლო და კარგი დიალოგის პერსპექტივის გარეშე, დაკარგა მიმდინარე საჭირბოროტო საკითხების ოპერატიულად გადაჭრის შესაძლებლობა. ჟენევის ფორმატი აქ ალტერნატივას ვერ ქმნის: იქ ჩვენი რესპუბლიკა მხარედაც კი არაა წარმოდგენილი — უბრალოდ დამკვირვებლები ვართ: არათუ ხმის, რეპლიკის ან შენიშვნის გამოთქმის უფლებაც კი არ გაგვაჩნია. ჟენევაში ჩვენს შესახებ საქართვლოს რუსეთი ესაუბრება, თითქოს ჩვენ იქ არც ვარსებობდეთ, ან უხილავები ვიყოთ. ახალი კონცეფცია კარგ გამოსავალს წარმოადგენდა: იგი საშუალებას ქმნიდა, საქართველოს ჩვენი ხმა გაეგო, ჩვენი აზრი მოესმინა და, აქედან გამომდინარე, ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილებები. ახლა კი ეს შესაძლებლობა დაკარგულია», - ამბობს ჩვენი თაამოსაუბრე რევაზი.

თუმცა როგორც პრეზიდენტის გარემოცვაში ჩვენი წყარო აღნიშნავს, საქმე მთლად ასეც არაა: დიახ, საქართველოსთან მოლაპარაკებების შესახებ პუნქტი აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან ამოღებულია, მაგრამ კვლავინდებურად ნარჩუნდება ხელისუფლების სწრაფვა, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩამოაყალიბოს. «პრეზიდენტის 25 მაისის გადაწყვეტილებას ამ სწრაფვაზე გავლენა არ მოუხდენია. ამ მიმართულებით დიალოგის წარმოებას შევეცდებით და საქართველოს მხრიდან გამოხმაურების იმედი გვაქვს», - განაცხადა ჩვენმა წყარომ ასლან ბჟანიას ადმინისტრაციაში.

ახალი საგარეო პოლიტიკური კონცეფციის მიღებიდან გასული თვეების განმავლობაში აფხაზეთი კოლოსალურ ზეწოლას უძლებდა რუსეთის მხრიდან, რომელიც აფხაზების დამოუკიდებელ მოქმედებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. ბჟანიას გუნდი არ ნებდებოდა. ოპოზიციის ზეწოლა სათვალავში ასაღები აშკარად არაა (მის ისედაც მეჩხერ რიგებში ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადგილი თავისუფლდება და აშკარაა, რომ მსგავსი ძალა ბჟანიას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა) — აქ ბევრად უფრო «მსხვილი» თამაში მიდიოდა... და აი, 25 მაისს, ყველა მხარისთვის და, რაც მთავარია, აფხაზური საზოგადოებისთვის მოულოდნელად, ვრცელდება ცნობა კონცეფციიდან საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ პუნქტის ამოღების თაობაზე, რაც უმრავლესობას სახტად ტოვებს...

მთავარი კითხვა, რომელიც უკვე მესამე დღეა, დღის წესრიგში დგას, ასლან ბჟანიას მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების დიამეტრალურად საწინააღმდეგოთი შეცვლის მიზეზში მდგომარეობს. პასუხი ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ მიზეზი, რომელმაც ბჟანიას სერიოზული პოლიტიკოსისთვის ესოდენ მცდარი ნაბიჯი გადაადგმევინა, საკმარისად წონადია. სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი საბავშვო თამაშად წარმოჩინდება და მოგებულის პრიზი ერთადერთია რამაა - «სამუდამო მეგობრობა» მხოლოდ რუსეთთან.

კრისტინა ავიძბა

__________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

__________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S