Accentnews.ge
«სოხუმის სწრაფვა თბილისთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისკენ კვლავ ძალაშია, ველით ქართული მხარის გამოხმაურებას»

«სოხუმის სწრაფვა თბილისთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისკენ კვლავ ძალაშია, ველით ქართული მხარის გამოხმაურებას»

28/05/2021 14:10:05 კონფლიქტები

გასული წლის დეკემბერში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ «რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია» დაამტკიცა, რომლის საკვანძო პუნქტი ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების დამატებითი მრავალდონიანი ფორმატის ჩამოსაყალიბებლად პირობების შექმნას ითვალისწინებდა. პირველად ომისშემდგომ ისტორიაში, აფხაზმა ლიდერმა ამ მიმართულებით განზრახვა არა მარტო გააჟღერა, არამედ საგარეო პოლიტიკური კურსის ნაწილადაც აქცია. თუმცა მიმდინარე წლის 25 მაისს - «კონცეფციის» დამტკიცებიდან თითქმის ნახევარ წელიწადში, ბჟანიამ მისივე ბრძანებულებით დოკუმენტში ცვლილება შეიტანა და მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ პუნქტი გააუქმა.

ვინაიდან «პრეზიდენტს» ამასთან დაკავშირებით საჯაროდ ჯერ არაფერი განუმარტავს, მთავარი კითხვა, რომელიც უკვე მესამე დღეა, აფხაზურ დღის წესრიგში დგას, ბჟანიას ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზია. პასუხი ჯერ არ გვაქვს. თუმცა იმის გავითვალისწინებით, რაოდენ დიდ ზეწოლას უძლებდა აფხაზეთი და პირადად ასლან ბჟანია ახალი «საგარეო პოლიტიკური კონცეფციის» მიღებიდან გასული თვეების განმავლობაში რუსეთის მხრიდან, რომელიც თბილისთან მიმართებაში აფხაზების დამოუკიდებელ მოქმედებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, აფხაზ ინტერნეტ-კომენტატორთა უმრავლესობა იხრება იმ ვერსიისკენ, რომ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ პუნქტის გაუქმების გადაწყვეტილების მიღება სოხუმს სწორედ ჩრდილოელმა «სტრატეგიულმა პარტნიორმა» აიძულა და არა კორუმპირებულმა ექს-ჩინოსნებმა ოპოზიციური ორგანიზაცია «არუაადან», რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში ბჟანიას გუნდს ქართველებთან დიალოგისა და თანამშრომლობის ინიციატივის გამო «ეროვნული ინტერესების ღალატში» ადანაშაულებდნენ.

ახლა ოპოზიციის ეს რევანშისტულად განწყობილი, თუმცა სუსტი ფრთა ფაქტობრივად ერთადერთია, ვინც ბჟანიას ბოლო გადაწყვეტილება მოუწონა - "ჩვენი მოწოდება შესმენილია! პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეს ნაბიჯი სამომავლოდ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგის იმედს გვისახავსო". მეტიც, კორუმპირებული პრორუსი ექს-ჩინოსნები ბჟანიას ნაბიჯით იმდენად შეგულიანდნენ, რომ გუშინდელი დღიდან თავის პოპულისტურ მოთხოვნებში კიდევ უფრო შორს მიდიან: "პრეზიდენტ ბჟანიას ამ გადაწყვეტილების შემდეგ არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გაერთიანებების არც ერთ წარმომადგენელს აღარ აქვს უფლება, საქართველოს წარმომადგენლებთან რაიმე საკითხზე რაიმე დიალოგი აწარმოოს პრეზიდენტთან ან მთავრობასთან შეუთანხმებლად. მეტიც, ჩინოსნებმა ქართულ მედიას ინტერვიუებიც კი საგარეო უწყებასთან ან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უნდა მისცენ" - ნათქვამია "არუაას" 27 მაისის განცხადებაში. ამასთან, რევანშისტები იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს ხანებში აფხაზური "პარლამენტი" მიიღებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსადმი მიმართვას "1918 წლიდან 100-ზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან აფხაზი ხალხის სისტემური გენოციდის აღიარების" თაობაზე, ასევე კანონს «ომში საქართველოს დამარცხების შესახებ".

აი, მოსახლეობა კი «პრეზიდენტის» 25 მაისის ნაბიჯმა სახტად დატოვა და დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ჩასახული იმედი აშკარად გაუცრუა. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ამ ნაბიჯით წააგო საკუთრივ ბჟანიამაც, რომელიც მერყევ პოლიტიკოსად წარმოჩინდა და აფხაზეთმაც, რომელიც «საქართველოსთან დიალოგის შესაძლებლობის გარეშე, კვლავ მხოლოდ რუსეთის ამარა, ანუ სრულ უპერსპექტივობაში დაბრუნდა».

თუმცა როგორც «აქცენტს» ბჟანიას გარემოცვიდან სანდო წყარომ განუცხადა, საქმე მთლად ასეც არ არის. კერძოდ, მართალია, ქართულ მხარესთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ პუნქტი «კონცეფციიდან» ამოღებულია, მაგრამ «კვლავინდებურად ნარჩუნდება ბჟანიას ხელისუფლების სწრაფვა, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩამოაყალიბოს».

«პრეზიდენტის 25 მაისის გადაწყვეტილებას ამ სწრაფვაზე გავლენა არ მოუხდენია. ამ მიმართულებით დიალოგის წარმოებას კვლავ შევეცდებით და საქართველოს მხრიდან გამოხმაურების იმედი გვაქვს», - განაცხადა ჩვენმა წყარომ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S