
მედია - დანია აშშ-ს ევროპელ ლიდერებზე, მათ შორის მერკელსა და შტაინმაიერზე, ფარული თვალთვალის განხორციელებაში ეხმარებოდა
31/05/2021 06:45:03 მსოფლიო
დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახური (FE) აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ევროპელ ლიდერებზე, მათ შორის, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერზე ფარული თვალთვალის განხორციელებაში ეხმარებოდა, - ამის შესახებ ევროპული მედიასაშუალებების ერთობლივი გამოძიების შედეგებშია ნათქვამი.
როგორც DW იუწყება, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები საკუთარ მოკავშირეებზე ფარულ თვალთვალს ახორციელებდა 2013 წელს გავრცელდა, თუმცა ახლახანს რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტებმა მიიღეს წვდომა დოკუმენტებზე, სადაც FE–ს მიერ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთვის აღმოჩენილი დახმარება დეტალურადაა აღწერილი.
საიდუმლო წყაროებმა ინფორმაცია დანიურ, შვედურ და ნორვეგიული მაუწყებლებს (DR-ს, SVT-ს და NRK-ს), ასევე ფრანგულ გამოცემა Le Monde-ს, გერმანულ Süddeutsche Zeitung-სა და გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებლებს - NDR-სა და WDR-ს გაუგზავნეს.
მედიის ინფორმაციით, დანიის მთავრობამ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ სავარაუდოდ, 2015 წელს შეიტყო და ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. მათ მიერ შეგროვებულმა ინფორმაციამ ცხადყო, რომ დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახური აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შვედეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, გერმანიის წამყვან პოლიტიკოსთა, დანიის საგარეო და ფინანსთა სამინისტროების და ასევე აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგ ჯაშუშობის ოპერაციების განხორციელებაში ეხმარებოდა. მედიის ცნობით, 2020 წელს დანიის მთავრობამ თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობა მთელი შემადგენლობით გადააყენა.
ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე მერკელსა და შტაინმაიერს კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.