მედვედევი: "დასავლეთის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ უარესია, ვიდრე ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის მიმართ იყო"
01/06/2021 09:41:48 მსოფლიო
რუსეთის ექს-პრეზიდენტი და ექს-პრემიერი, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" ლიდერი დიმიტრი მედვედევი თვლის, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობები "დრამატულად გაუარესდა" და ამ დროისთვის "ცივი ომის" დროინდელზე ბევრად უარესია.
გაზეთ "Коммерсантъ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მედვედევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ "კონფრონტაციით ყველა დაიღალა, თუმცა ამ კონფრონტაციის სპირალი რუსეთს არ განუვითარებია".
"თუნდაც რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შემოყვანაზე რეაგირებისას დასავლეთს შეეძლო, უფრო დახვეწილად და გონივრულად ემოქმედა, მაგრამ გადაწყვიტა, ყველაფერი "საძირკვლამდე დაეწვა". არ მინდა, ვთქვა, რომ ყველაფერში ყოველთვის ერთი მხარეა დამნაშავე, რომ ჩვენ [რუსული მხარე - რედ.] "თეთრები და ფუმფულები" ვართ [სიტყვა-სიტყვით იგივე გამოთქმა გამოიყენა ამასწინათ ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც, თუმცა საპირისპირო კონტექსტში, განაცხადა რა, რომ "დასავლეთთან დაპირისპირებაში რუსეთის ხელისუფლება "თეთრი და ფუმფულმაა" - რედ.]" - აღნიშნა მან.
მედვედევმა ამჟამინდელი პერიოდი 1960-80-იან წლებს - სსრკ-დასავლეთის კონფრონტაციის ხანას შეადარა და აღნიშნა, რომ "მაშინ მხარეები კომპრომისების მოძიებას ახერხებდნენ, ახლა კი რუსეთის დასავლელი პარტნიორები, სამწუხაროდ, ცოტა არ იყოს, გათავხედნენ საკუთარი სიძლიერის გამო, განსაკუთრებით - ვარშავის შეთანხმების მსხვრევის შემდეგ". "ცივი ომის პერიოდში დასავლეთს არ შემოუღია ინდივიდუალური სანქციები ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის, პოლიტბიუროს წევრების ან უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელთა მიმართ, ახლა კი ამას აკეთებს და ამით კომუნიკაციის არხებს სპობს [რეალურად, ევროკავშირისა და აშშ-ის დღემდე არსებულ სანქციებს ექვემდებარებიან რუსეთის ძალოვანი უწყებებისა და რიგი სახელმწიფო კორპორაციების წარმომადგენლები, თუმცა არც მედვედევს, არც პუტინს, არც მთავრობისა და პარლამენტის ხელმძღვანელ პირბეს სანქციები ჯერ არ შეჰხებიათ - რედ.]. დასავლეთი რუსეთს "მომაკვდავ ქვეყნად" მიიჩნევს და ამიტომ მის აზრს ანგარიშს არ უწევს, განსხვავებით სსრკ-ისგან, რომლის აზრს ითვალისწინებდა. რამდენ ხანს გაგრძელდება ასე? - მოდით, გულახდილად ვთქვათ: ეს არავინ იცის", – განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთთან თანამშრომლობის აღდგენას ისურვებდა და ამ მხრივ საბაზისო საკითხად პანდემია შეიძლებოდა, ქცეულიყო.
სწორედ კორონავირუსული ეპიდემიით სცადა მან მიმდინარე წლის ზამთარში ოპოზიციონერ ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დარბევების ახსნა. "პანდემია არსად გამქრალა და მასობრივი ღონისძიებებისას სახელმწიფო ამას უნდა ითვალისწინებდეს, როცა მათი დაშვება-არდაშვების გადაწყვეტილებას იღებს", – განაცხადა მედვედევმა.
ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მან დღევანდელობა 1990-იანი წლების მდგომარეობას შეადარა: "იმ წლებთან შედარებით, არსებული რეალობა ძალიან კარგია - მდგრადი, პანდემიის მიუხედავადაც კი".
ამასთან, მედვედევმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, იქნება თუ არა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" სიის სათავეში (რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სიის №1 თავად ვლადიმირ პუტინი იქნება). მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა - მას პარტიის ყრილობა მიიღებს.
დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი 2008-2012 წლებში გახლდათ, მერე კი კვლავ დაუთმო ეს თანამდებობა პუტინს. 2020 წლის იანვარში იგი პრემიერის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარეობა შეინარჩუნა.


