
ექს–პრემიერმა სტარტი აიღო: ვის ემუქრება გახარიასგან „საფრთხე“?
01/06/2021 14:00:58 ანალიზი
ოპოზიციაში გადანაცვლებული ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პირველი ვრცელი ინტერვიუ, მიუხედავად სიახლის მოლოდინისა, არც თუ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა: „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გვითხრა, „ჭორაობას არ ვაპირებო“ და მხოლოდ ზოგადი ხასიათის განცხადებებით შემოიფარგლა (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე), თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეტალს: ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე „აღმოაჩინა“, რომ მაგალითად, ტელეკომპანია „იმედი“ შესაძლოა, პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდეს; განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე და ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესზე მაღალია და მისი გავლენები ინსტიტუტებით უნდა ჩანაცვლდეს, თუმცა ინსტიტუტების გაძლიერებისთვის ბევრი არაფერი გაკეთებულა; იმავდროულად ირწმუნება, „დამოუკიდებელი პრემიერი ვიყავიო“, მაგრამ არ უთქვამს, კონკრეტულად რის გაკეთებაში შეუშალეს ხელი თუნდაც იმავე პრობლემების მოსაგვარებლად, რაზეც აწ უკვე ოპოზიციონერის როლიდან საუბრობს (მით უფრო, ამბობს, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობო); კონკრეტული „ქეისების“ გარეშე ისაუბრა სისტემური კორუფციის და ნეპოტიზმის რისკებზე და მხოლოდ დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ ცნობილი სამი პერსონიდან – უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ოთარ ფარცხალაძე – რამდენიმეს კორუფციული რისკების გათვალისწინებით ჩაუკეტა „კარი“. და თუ ერთი თვის წინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპონენტებს „დამთავრებით“ ემუქრებოდა, აწ უკვე საქართველოსთვის გაერთიანების მოწოდებით გეგმავს პოლიტიკურ ლანდშაფტზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ოპოზიციაში კი „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს სახელისუფლებო გუნდის აუდიტორიის მისკენ მიზიდვაში გზა დაულოცეს, ხოლო „ქართული ოცნება“ ცდილობს, თავდაჯერებულად გამოიყურებოდეს გახარიას კონკურენტად არ აღიარებით და ვინაიდან მის წარსულზე ნეგატიურ კონტექსტში აქცენტირება თავად მმართველი პარტიისთვისაც არ უნდა იყოს სახარბიელო პოზიცია, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებაში ცდილობს ენმ–სთან კავშირის გამოვლენას.
„ასე თამამად იმიტომ ლაპარაკობენ [სახელისუფლებო გუნდი –რედ], რომ გახარიას კალაძე ჩაენაცვლა. კალაძე მაინც წარმატებულ მერად ითვლება, საზოგადოებაში პოპულარულია. მათ ლიდერი სჭირდებათ, ივანიშვილი კი საჯაროდ ვერ გამოჩნდება. კალაძეს დღეს ტრანსპორტის შესახებ პრეზენტაცია ჰქონდა, რომელსაც კობახიძეც დაესწრო: აშკარად ჩანს, რომ ეს ღონისძიება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა – როგორც ჩანს, კალაძე კენჭს იყრის მერად“,– ამბობს „აქცენტთან“ ყოფილი სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილი.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი პოზიციონირება სწორედ რომ გახარიას სასარგებლოდ მუშაობს:
„მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკმაყოფილოა როგორც ხელისუფლებით, ისე ოპოზიციით. ოპოზიცია ვერ მიხვდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მისი უცნაური ქცევა (მათ შორის, ბოიკოტი) არ იყო პოპულარული (გამოკითხვების შედეგებზე არაფერს ვამბობ, მათ ვერც ერთი დიდი აქციის მოწყობა ვერ შეძლეს, რადგან პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში არ იყო სათანადო განწყობა). უბედურება ისაა, რომ კვლავ იგივე კურსს განაგრძობენ, რამაც შესაძლოა, ქვეყანა ოპოზიციის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დააყენოს“.
ვის უქმნის „საფრთხეს“ გახარია?
ზაქარეიშვილი ელის, რომ გახარიას გუნდი თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმუმ, ამომრჩეველთა 7–8%–ის მობილიზებას შეძლებს და მათგან მნიშვნელოვანწილად იქნება ხმები, რომლებიც აქამდე სწორედ „ქართული ოცნების“ „კალათაში“ ხვდებოდა, თუმცა აუდიტორიის „განაწილება“ ასევე მოუწევს „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“. და ვინაიდან თვითმმართველობის არჩევნები წელს განსხვავებულ დატვირთვას იძენს ვადამდელი არჩევნების ერთგვარი წინაპირობით („ქართული ოცნებას“ ამჯერად 43%–იანი „ბარიერის“ გადალახვა უწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს), თითოეული საარჩევნო ხმა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელისუფლებო გუნდისთვის.
„43% რომ არ იყოს მიჯნა, გახარიასი არავის შეეშინდებოდა, მაგრამ ვინაიდან თავად მოაწერეს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს, ამ 43%–ის „მძევალნი“ გახდნენ“,– აღნიშნავს ზაქარეიშვილი.
არც ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ პოლიტიკოსებს თავდაჯერების საფუძველი აქვთ და როგორც „აქცენტთან“ აღნიშნავს, პოლიტიკური განცხადებები არაა რეალობის გამომხატველი, ანალიზის პროდუქტი და რომ ეს თავად პოლიტიკოსებსაც ესმით.
ფირალიშვილი გახარიას ამომრჩეველს ხედავს მოქალაქეებში, რომელთაც სიტუაციურად უწევთ საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება:
„ასე ადვილად არ დავასკვნიდი, რომ გახარიას პოლიტიკური პერსპექტივა არ გააჩნია და მათ ხმებს ვერ წაართმევს. რა თქმა უნდა, მომხრეებს შორის არიან ერთგული მხარდამჭერები, მაგრამ ძირითადი ამომრჩევლებისა სიტუაციურად აკეთებს არჩევანს – რომელიმე პოლიტიკურ ძალას არაა მიბმული. სწორედ ამ ნიშის დაკავება შეუძლია გახარიას: აღმოჩნდება ერთადერთი ძალის როლში, რომელიც ოპოზიციურ როლს თამაშობს და სოლიდურად გამოიყურება. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი მარტივად ირწმუნებს ხოლმე, რომ ვიღაც მისი მხსნელია, მით უფრო, რომ რაღაც თვისებებით ეს ადამიანი მსგავს საბაბს იძლევა“.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კი მაღალი ინტერესის ფონზე გახარიას საზოგადოებასთან კომუნიკაციას უაღრესად სუსტად აფასებს და ექს–პრემიერის რბილი პოზიციონირება უტოვებს საფუძველს, იფიქროს, რომ რეალურად გახარია რეგიონებში, საკრებულოებში საკუთარი კადრების შენარჩუნებაზე ზრუნავს, რათა შემდეგში საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადოს:
„არ ჰყავს პოლიტიკოსები – პოლიციელები ჰყავს გარშემო. მსგავს სუსტ გამოსვლას არ ველოდი. გამაოგნებელი იყო ნეპოტიზმზე და კორუფციაზე საუბარი. სჯობდა არ ეხსენებინა, რადგან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისმა მარჯვენა ხელმა – კახა ქემოკლიძემ თქვა, „პასუხისმგებლობით გამოვირჩევითო“, წამოსვლით კი ყველაზე უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგეს: პირველი პირები იყვნენ, ქვეყანა მართავდნენ და არ იყო ისეთი კრიტიკულ სიტუაცია, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ: ცუდია, როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აკავებენ, მაგრამ ამით ქვეყანა არ ინგრევა, ეს არაა სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალური გამოწვევა, ეს არაა ომი, ბიუჯეტის ვარდნა და ა.შ. ამდენად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას ჰყავდა თავისი ხალხი შსს–ში, რეგიონებში და მათთვის ადგილების შენარჩუნება სურს – გაიმარჯვოს რეგიონებში და მათ საკრებულოებში ადგილები მისცეს – ყველას აქვს ბიზნესი. მე მგონი, ამ დონემდე დავიდა ეს პარტია – ვერანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება ვერ დავინახე“.
ფირალიშვილის დაკვირვებით, კი მსგავს პოლიტიკოსზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას „თვალის დახუჭვა“ ახასიათებს:
„გახარიას ესმის, რომ მას სჭირდება საზოგადოებასთან ძაფების გაბმა, თავისი წარსულის რაღაცნაირად ინტერპრეტირება. გადადგა საკმაოდ საინტერესო ნაბიჯი: ეს არ იყო ჩვეულებრივი პრესკონფერენცია, რომელიც ბევრი გვინახავს დამწყები პოლიტიკოსებისა და პარტიების მხრიდან – საგანგებოდ მოიწვია წამყვანი ტელევიზიების წარმომადგენლები და ამით დააფიქსირა, რომ მის მიმართ ყურადღება განსაკუთრებულია: რიგითი ადამიანი უცქერს, რომ თოქ–შოუების წამყვანები ინტერესდებიან გახარიასთვის კითხვების დასმით. ანუ ის ფლობს პოლიტიკურ ტექნიკას, აღმოჩნდეს პოლიტიკური მოვლენების და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, არ შეხედავდი საკითხს ამგვარად, რომ მან ვერ ახსნა კონკრეტული საკითხები, მათ შორის, „გავრილოვის ღამე“. ასე არც შევარდნაძეს აუხსნია თვითმფრინავის გამტაცებლების დახვრეტა, მაგრამ საზოგადოებამ თვალი დახუჭა. აქ მთავარია, არის თუ არა საზოგადოებაში ასეთი ტიპის პოლიტიკოსის მოთხოვნა – სტაბილურის, გაწონასწორებულის, გონიერის. თუ მსგავსი მოთხოვნა არსებობს, საზოგადოება ბევრ რამეზე დახუჭავს თვალს“.
ტესტი გახარიასთვის
ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ გახარიას მხრიდან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა საკუთარი თავის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში კახა კალაძესთან სავარაუდო მარცხს უწინასწარმეტყველებს:
„მან პოლიტიკაში შემოსვლით თამამი ნაბიჯი არ გადადგა, მხოლოდ კარი შემოაღო. ეს, რა თქმა უნდა, სუსტი შემოსვლაა. ძალიან ფრთხილი იყო განცხადებებში, არავის წყენა არ უნდოდა და ასე არ გამოვა, უნდა იყო პრინციპული.
ივანიშვილს უქმნის კომფორტს, ივანიშვილი კი არც ქმნის გახარიას და არც ებრძვის. „რადიკალური არ ვიქნები“ არაა პოლიტიკური განცხადება – გახარიამ მეტი უნდა შესთავაზოს ამომრჩეველს: როგორი იქნება გადასახადები, როგორი იქნება ბიუჯეტის გადანაწილება, რას ვერ აკეთებდა, რომ ახლა გააკეთოს. უნდა იცოდეს, რომ ამომრჩეველი პროგრამას არ კითხულობს, უსმენს ტელევიზორს, კითხულობს გაზეთს, ამიტომ ფრაზები მკაფიო უნდა იყოს“.
ზაქარეიშვილის ანალიზით, მკაფიო პოზიციონირების შემთხვევაში ექს–პრემიერს აქვს შესაძლებლობა „მესამე ძალის“ ნიშა რეალურად დაიკავოს:
„შუა საუკუნეებში ციხე–სიმაგრის აღებისას არა ყველა, არამედ ერთ მხარეს ახორციელებდნენ შეტევას. გახარია კალაძეს ვერ შეუტევს, რადგან პოპულარულია, ვერც – ივანიშვილს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა იმუშაოს კობახიძის გუნდის ჩამოშლაზე. თუ გუნდს ჩამოშლის, მთელს ხმებს „წაიღებს“. ამიტომ, ამ ზედაპირული განცხადებებით, რომ „არავის ვებრძვი“, „კარგი ვარ“, არაფერი გამოვა. უნდა იყოს პრინციპული: „მე ხელს მიშლიდა კობახიძე ამა და ამ საკითხებში“. უნდა წარმოაჩინოს თავი კონკრეტულ თემებზე მკაფიო პოზიციონირებით“.
ფირალიშვილი იზიარებს ზაქარეიშვილის შენიშნვას მკვეთრი პოზიციონირების აუცილებლობის ნაწილში და ფიქრობს, რომ გახარიას რიგ კითხვებზე პასუხების გაცემაც მოუწევს:
„დღეს მისი მთავარი გამოწვევაა, შექმნას ისტორია, რომელიც ახსნის მის დღევანდელ ურთიერთობას მათ შორის, ივანიშვილთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს რთული ამოცანაა, რადგან ის კრიტიკისგან თავს იკავებს და ეს აშკარად არაა საკმარისი – მისგან მკვეთრ პოზიციონირებას ითხოვენ. გარკვეულ კითხვებზე მას პასუხის გაცემა მოუწევს და ალბათ, ამის მომსწრენიც გავხდებით. რთულია პოლიტიკაში იმ ადამიანის მობრუნება, რომელიც ხელისუფლებაში იყო და თან საკმაოდ ხანგრძლივად, პოლიტიკური ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში. ამდენად, მას ამ რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს“.
რაც შეეხება გახარიას დამოუკიდებლობას, ფირალიშვილი შეგვახსენებს, რომ პოლიტიკაში მუდმივი პარტნიორები არ არსებობენ:
„დავუშვათ, რომ გახარია ივანიშვილზეა მიბმული, მაგრამ პოლიტიკა ისეთი ცხოველი გახლავთ, რა მომენტში გაიყოფა მათი ინტერესები და დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ... საქართველოში უამრავი მაგალითი გვინახავს, როდესაც მოკავშირეები ერთმანეთის ოპონენტებად იქცევიან ხოლმე. შესაძლოა, ეს სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“.