ბელორუსმა პოლიტპატიმარმა სასამართლოს დარბაზში ყელში კალამი ჩაირტყა
01/06/2021 15:52:20 მსოფლიო
მინსკელმა სტეპან ლატიპოვმა დღეს, სასამართლოს დარბაზში სხდომის მიმდინარეობისას ყელში კალამი ჩაირტყა.
ლატიპოვს განსაკუთრებული მასშტაბების თაღლითობასა და მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. იგი ე.წ. ცვლილებების მოედნის (ადგილი, სადაც 2020 წლის ზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო საპროტესტო აქციების მონაწილეები იკრიბებოდნენ) აქტივისტი გახლდათ. ლატიპოვი 2020 წლის სექტემბერში მინსკში თანამოაზრეებთან ერთად დააკავეს. სახელმწიფო ტელევიზიით გასული სიუჟეტების მიხედვით, მას ქვეყანაში სპეცქიმიკატების შეტანა ედებოდა ბრალად, რომელთა გამოყენებითაც მას ვითომდა მილიციის თანამშრომლების მოწამლვა ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა საქმეში ეს ეპიზოდი ასახული არ არის.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ლატიპოვმა განაცხადა, რომ 51 დღე გაატარა ე.წ. პრეს-ხატაში (საკანში, სადაც სხვა პატიმრები ციხის ადმინისტრაციის ხელდასმით დაკავებულს გაუსაძლის პირობებს უქმნიან), ახლა კი სამართალდამცველები ნათესავების დაკავებით ემუქრებიან, თუ შეთითხნილ ბრალს არ აღიარებს.
ამ განცხადების შემდეგ იგი სკამზე შედგა და ყელის არეში კალამი ჩაირტყა. ბადრაგმა გალიის მყისიერად გახსნა ვერ შეძლო, რადგან გასაღები თან არ აღმოაჩნდა, - იუწყება "რადიო თავისუფლების" ბელარუსის სამსახური.


