რა საკითხები განიხილა ერდოღანმა თურქეთში ვიზიტად მყოფ ღარიბაშვილთან შეხვედრისას

01-06-2021 20:49:23 პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების თემა განიხილა.

ამის შესახებ ერდოღანმა ღარიბაშვილთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები პირისპირ და შემდეგ ჩვენს დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. თურქეთი უკვე 14 წელია, არის საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყო სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამასთან, მტკიცედ ვმუშაობთ ჩვენს სავაჭრო პოტენციალის გაზრდისთვის და ამ კუთხით საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე ყველა სხვა სფეროში საქართველოში განხორციელებულია თურქული ინვესტიციები, რომლის მოცულობა 214 მილიონი აშშ დოლარია. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთია სტრატეგიული პროექტი სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელზეც ჩვენ ეს პლატფორმა შევქმენით. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ჩვენ წამოწყებული გვაქვს მრავალმხრივი თანამშრომლობა. ამის ფარგლებში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, რომელიც თურქეთის გავლით კავკასიიდან და კასპიის ზღვიიდან ჩინეთთან გვაკავშირებს. აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახდენს როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, თუ როგორ უნდა გავზარდოთ სარკინიგზო მაგისტრალი მარმარაის გვირაბის გამოყენების საშუალებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მხარეებმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებიც განიხილეს:

"განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ ფეტოს ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი".

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებითაც გაუზიარეს ერთმანეთს შეხედულებები.

"თურქეთი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას. აღნიშნულის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, თურქეთი მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას, იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება უმოკლეს დროში, წელსვე გავმართოთ უმაღლესი სტრატეგიული საბჭოს სხდომა. არსებული მექანიზმების გამოყენებით, განვაგრძობთ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას. და ბოლოს, ამ განწყობით, იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხედულებები და შეხვედრა ხელს შეუწყობს და განავითარებს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც მან აღნიშნა, თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას:

„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით“.

ერდოღანის თქმით, ანკარა მტკიცედ უჭერს მხარს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები