საგარეჯოში "თევზების ტბების" მეწილის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
02/06/2021 11:58:48 სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოში "თევზების ტბების" ერთ-ერთ მეწილის დაჭრის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ა.ჭ. დააკავეს. გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1978 წელს დაბადებული დ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აცხადებენ შსს-ში.
მისი ცნობით, პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: სავარაუდოდ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდითა და 15 საბრძოლო ვაზნით, ასევე, მაკაროვის სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


