
ოფიციალური თბილისი: "ცნობები, თითქოს იტალიური კომპანია აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რესტავრაციას იწყებს, დეზინფორმაციაა"
02/06/2021 12:36:04 კონფლიქტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რიგ საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომელთა თანახმად, იტალიური კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რესტავრაციას იწყებს, დეზინფორმაციაა.
"საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს იტალიური კომპანია იწყებს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მდებარე რკინიგზის სადგურების რეკონსტრუქციას. კომპანია „გლობალ არედი“ არის რუსული კომპანია, იგი რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში, მისი საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი, ტელეფონი და საფოსტო ინდექსი ფიქსირებულია რუსეთის ფედერაციაში. მისი ფილიალი ან სხვა რაიმე ოფისი იტალიის ტერიტორიაზე არ იძებნება. კომპანიაში კომერციული დირექტორის პოზიციაზე მუშაობს იტალიელი. თუმცა ორგანიზაციის რაიმე კავშირი იტალიის რესპუბლიკასთან არ იკვეთება", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო უწყებაში.
მისივე ცნობით, იტალია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას:
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და რომში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა იტალიის საგარეო საქმეთა უწყებასთან. მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებ ინფორმირებული არიან ჩვენი იტალიელი პარტნიორები, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმის კურსში ჩააყენა ასევე თავისი საელჩო მოსკოვში. იტალიის საგარეო უწყება გმობს იტალიის მოქალაქე კერძო პირებისა უკანონო მოქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იტალიის საგარეო უწყება ყოველთვის პრევენციულად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლა და იქ უკანონო საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება იტალიის ოფიციალურ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ისჯება კანონით".
ცნობისთვის: 31 მაისს აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "იტალიური კომპანია “GLOBAL ARREDI”, რომელიც 13 წელია რუსეთში საქმიანობს, ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის სადგურების რესტავრაციას იწყებს". მისივე ცნობით, რკინიგზა უკვე მიმდინარე წელს ამუშავდება და საკრუიზო მატარებელი როსტოვიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ივლის.