რა ფუქნცია აქვს რადიოსადგურს, რომელსაც ოკუპანტები სავარაუდოდ, ხურვალეთში ამონტაჟებენ?

02-06-2021 17:07:42 კონფლიქტები ,ინტერვიუ ,ანალიზი

31 მაისს სოფელ ხურვალეთის სასაფლაოსთან მობილიზებულ სამხედროებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დრონი იმდენად მიუახლოვდა, რომ კამერამ ოკუპანტების ტექნიკა და საქმიანობა ნათლად ასახა. თავდაპირველად დარჩა შთაბეჭდილებმა, რომ ოკუპანტები მორიგი საგუშაგოს გამართვას ცდილობდნენ, თუმცა სპეციალისტებს გადაღებული კადრების შესწავლისა და მასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის განცხადების შეჯერებამ გაუჩინა დასაბუთებული ვარაუდი, რომ რეალურად რუსეთის საოკუპაციო ძალები ხურვალეთის სასაფლაოსთან პორტატიულ თანამგზავრულ რადიოსადგურს დგამდნენ.

მსგავსი ეჭვი აქვს ანალიტიკოსს უსაფრთხოების საკითხებში, პარტია „საქართველოსთვის“ წევრ კახაბერ ქემოკლიძესაც. როგორც „აქცენტთან“ ქემოკლიძე ამბობს, სავარაუდოდ, საქმე უნდა გვქონდეს რადიო–ელექტრონული დაზვერვის ერთ–ერთ ინფრასტრუქტურასთან:

„მსგავსი ინფრასტრუქტურა საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ სამწუხაროდ, მას რუსეთის ფედერაცია ფლობს“.

რას ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქი

31 მაისის საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში მასშტაბური სამხედრო სამეკავშირეო ჯარების წვრთნის შესახებ:

„სამხრეთის სამხედრო ოლქის (სსო) ჯარების კავშირგაბმულობის სპეციალისტებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი რადიოტრენინგი მონაცემთა გაცვლის შესახებ, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და უწყვეტ კომუნიკაციას შენაერთებსა და სამხედრო ნაწილებს, საჰაერო ძალებსა და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებს, აგრეთვე აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის ბაზებს შორის. რადიო და ელექტრონული კომუნიკაციის 1500-ზე მეტმა სპეციალისტმა ტექნიკის ფარული გადაადგილების ამოცანა შეასრულა. მოხდა ელექტრონული მონაცემების გადაცემა რადიოსიხშირეების ჩახშობის პირობებში. სწავლებაში ჩართული იყო 600-მდე ტექნიკა და სპეციალური მოწყობილობა, მათ შორის თანამედროვე კომპლექსი «Редут-2УС», რადიოსარელეო სადგურები Р-419Л1, Р-419 ანტენის მოდულები R-431AM და რადიოსადგურები R-149AKSH, პორტატიული თანამგზავრული საკომუნიკაციო სადგურები "ბელოზერო" და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობა“.

რისთვის სჭირდებათ რადიოსადგური

ქემოკლიძე ამბობს, რომ რადიო–ელექტრონული დაზვერვა რუსეთის ერთ–ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მსგავს პრაქტიკას იყენებს როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. შესაბამისი ინფრასტრუქტურის პრაქტიკაში გამოყენება კი, მათ შორის, ღია სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადების შესაძლებლობას იძლევა. დაფარვის რადიუსი დამოკიდებულია თავად ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებსა და ლანდშაფტზე: მთაგორიანი ზონა სატელეფონო კავშირების „გადაჭერას“ ართულებს, სხვა შემთხვევაში კი რადიუსი შესაძლოა, 2 კ.მ. იყოს.

ქემოკლიძე საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით მიღებულ ცოდნას გვიზიარებს და ამბობს, რომ მსგავსი აქტივობებისას ძირითადად ფოკუსი არა რიგით მოქალაქეებზე (საყოფაცხოვრებო საკითხებზე მათი ყოველდღიური კომუნიკაცია ნაკლებად მნიშვნელოვანია და დიდ ტექნიკურ და ადამიანურ რესურსსაც მოითხოვს), არამედ ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა ერთმანეთში კომუნიკაციაზე, რომელსაც ისინი როგორც ღია სატელეფონო, ისე რადიოკავშირის მეშვეობით ამყარებენ:

„მათ აინტერესებთ ყოველდღიური საოპერაციო დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ღირსეული ოფიცრების, რომლებიც ადგილზე ოპერირებენ“.

კონტრზომები

„ბუნებრივია, ოფიცერთა უმრავლესობას რადიო–ელექტრონული სადაზვერვო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია აქვს და დარწმუნებული ვარ, ცდილობენ, ერთმანეთს ღია სატელეფონო კავშირით არ ეკონტაქტონ, ან რადიოკავშირის უსაფრთხო სისტემები გამოიყენონ, თუმცა რადიო–ელექტრონული დაზვერვის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მაგალითად, სავარაუდოდ, ვიხილეთ გავრცელებულ ვიდეოში (ეს პრაქტიკულად დაადასტურა სამხრეთის სამხედრო ოლქმა), უკიდურესად ძვირადღირებული აპარატურაა, შესაბამისად, მათთან ბრძოლა კიდევ უფრო მეტად ძვირადღირებული სიამოვნებაა: საჭიროა ინფრასტრუქტურა, რომელიც კონტრაქტივობას აწარმოებს რადიო–ელექტრონული დაზვერვის წინააღმდეგ, მათ შორის, ეს აპარატურა მწყობრიდან გამოჰყავს“,– ამბობს „აქცენტთან“ ქემოკლიძე და დასძენს, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურა საქართველოსაც აქვს, მაგრამ ვინაიდან თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით ვითარდება, მათ შორის, სადაზვერვო ინფრასტრუქტურა, კონტრზომებისთვის შესაბამისი – მოდერნიზებული აპარატურა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. ამ კონტექსტში კი ქემოკლიძე საერთაშორისო პარტნიორების რესურსების გამოყენების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც უსაფრთხოების სისტემებში ერთმანეთისადმი ნდობა ფუნდამენტურ როლს თამაშობს:

„აუცილებელია პარტნიორებთან ურთიერთობა და არა მხოლოდ: იმისთვის, რომ პარტნიორებმა მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის საოპერაციო დონეზე გამოყენების შესაძლებლობა მოგცენ, ნდობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია – აღნიშნული ინფრასტრუქტურა თავისი შინაარსით და საოპერაციო გამოყენების მექანიზმებით, სრულიად საიდუმლოა, ვინაიდან, იხარჯება სოლიდური რესურსები; სახელმწიფოები ცდილობენ, მოდელები, მათ შორის, პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ მათთვის იყოს ცნობილი. ამდენად, უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ის ასე ვთქვათ, „სწორ“ ხელშია, მიზნობრივად ხდება მისი გამოყენება და მინიმუმამდეა დაყვანილი მოწინააღმდეგის ხელში მისი აღმოჩენის რისკი“.

რაც შეეხება პარტნიორებთან ურთიერთობას, ქემოკლიძე ამბობს, რომ აქამდე მსგავსი დახმარების მექანიზმები არსებობდა და იტოვებს იმედს, რომ პროცესი გაგრძელდება:

„პარტნიორები ყოველთვის გვეხმარებოდნენ და იმედი მაქვს, ეს ასეც გრძელდება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები