ავსტრიის ყოფილი პირველი დიპლომატი, რომელიც ოდესღაც პუტინს ეცეკვა, "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოში შეიყვანეს
02/06/2021 15:20:57 მსოფლიო
ავსტრიის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი კარინ კნაისლი რუსეთის სახელმწიფო კომპანია "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, - ნათქვამია საწარმოს აქციონერთა წლიური შეკრების შემაჯამებელ პრეს-რელიზში.
კნაისლი ავსტრიის პირველი დიპლომატი 2017–2019 წლებში გახლდათ. მინისტრად იგი ქვეყნის ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" მიერ იყო წარდგენილი, რომელიც ევროსკეპტიკოსად პოზიციონრებს და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა.
2018 წელს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მისი მიწვევით ავსტრიას კერძო ვიზიტად ეწვია, კნაისლის ქორწილს დაესწრო და პატარძალს ეცეკვა კიდეც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავსტრია რუსულ პროექტ "ჩრდილოეთ ნაკადი - 2"-ის მონაწილე სახელმწიფოა. ქვეყნის ამჟამინდელი კანცლერი სებასტიან კურცი კი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება.
კნაისლის გარდა, "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოში შევიდნენ გერმანიის ექს-კანცლერი შრიოდერი, ნავთობკომპანია BP-ს ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ბერნარდ ლუნი და კიდევ 9 პირი.


