
«რუსებს აფხაზები ფეხებზე ვკიდივართ! მათ საჰაერო საავიაციო პოლიგონი სჭირდებათ საკუთარი არცთუ უწყინარი მიზნებისთვის»
03/06/2021 13:51:41 კონფლიქტები
სოხუმის აეროპორტის მოსალოდნელი ამოქმედების შესახებ განცხადებები აფხაზეთის მაცხოვრებლებს ბოლო წლების განმავლობაში სულ მცირე, ხუთჯერ მაინც მოუსმენიათ. ყოველ ჯერზე ეს სიახლე ვრცელდებოდა, როგორც «პირველი». რა დელეგაციები აღარ ჩასულან აფხაზეთში ამ პერიოდში, რა აღარ შეუმოწმებიათ, მაგრამ ურემი ადგილიდან არ დაძრულა. აქედან გამომდინარე,
აეროპორტის მოსალოდნელი ამოქმედების შესახებ მორიგ «სასიხარულო სიახლეს» მოსახლეობა ამჯერად უკვე უემოციოდ შეხვდა. იმის, რომ ავიამომისვლა ოდესმე აღდგება და სოხუმში თვითმფრინავები იფრენენ, დიდი ხანია, აღარავის სჯერა. ხალხი როგორც ადგილობრივი ხელმძღვანელების, ისე რუსი ჩინოსნების გაუთავებელი დაპირებებით დაიღალა.
«რამდენჯერ უნდა მოვისმინოთ ერთი და იგივე?! მოვლენ თუ არა ხელისუფლებაში, მაშინვე აეროპორტზე იწყებენ «ძველ სიმღერას». მოგვბეზრდა უკვე! მთლად სულელი ჰგონიათ ხალხი? მშვენივრად გვესმის, რომ მხოლოდ სურვილი არ კმარა. შესაძლოა, ფრენა ოდესმე მართლაც აღდგეს, მაგრამ ეჭვი მეპარება, მე პირადად ამას მოვესწრო» - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე მაქსიმი. მამაკაცი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურ სიბრტყეშია და სანამ აფხაზეთის სტატუსის საკითხი არ გადაიჭრება, მოსახლეობა რესპუბლიკაში თვითმფრინავებს ვერ იხილავს.
და მაინც, აფხაზურ საზოგადოებას ყოველ ჯერზე უმეორებენ დაპირებებს. ეს — მიუხედავად ზოგიერთი პროფილური ჩინოსნის ცალსახა საჯარო განცხადებისა იმის შესახებ, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ასოციაციასთან შეუთანხმებლად სოხუმის აეროპორტი ვერ იმოქმედებს.
«სოხუმის აეროპორტის გახსნა აუცილებელია, მაგრამ რთული. ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტი საქართველოს კუთვნილებად ირიცხება და თვითმფრინავს, რომელიც პერსპექტივაში სოხუმის გავლით იფრენს, დააყადაღებენ იმის გამო, რომ «ოკუპირებულ ტერიტორიაზე» იფრინა», - განაცხადა თავის დროზე აფხაზეთის ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ და დასძინა, რომ უახლოეს პერსპექტივაში ამ მხრივ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
მაშინ ისმის კითხვა: რა მიზნით არწმუნებენ აფხაზეთის მოსახლეობას საპირისპიროში? რასთან გვაქვს საქმე: მიმდინარე პრობლემებისგან ყურადღების გადატანის მცდელობასთან, თუ იდეა-ფიქსთან, რომელზეც უარს ვერა და ვერ ამბობენ?
«ჩვენი აეროპორტი რომც ამუშავდეს, მას მხოლოდ რუსები გამოიყენებენ და ვშიშობ, არა სამოქალაქო მიზნებით. მაღალი ალბათობით, ეს იქნება მსხვილი სათადარიგო აეროდრომი რუსული საჰაერო ტექნიკისთვის — ამის უფრო მჯერა, ყველაფერი დანარჩენი კი ლირიკაა, გათვლილი აფხაზეთის რიგით მაცხოვრებლებზე», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე ანატოლი. როგორც მამაკაცი განმარტავს, ამაში იგი მას შემდეგ დარწმუნდა, რაც შეიტყო «რუსეთთან ერთობლივი ბაზირების» შესახებ, რომელიც ძალზე ფართო ფუნქციებს მოიცავს.
შევეცადე, მომეძიებინა შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა ღია წვდომაში ოფიციალურ დოკუმენტაციას ვერ მივაკვლიე. სამაგიეროდ «ერთობლივი ბაზირება» ნახსენებია პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიერ 2020 წელს რუსულ ტელეარხ RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში: აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში მიუღია გადაწყვეტილება ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტის აეროდრომისთვის “ერთობლივი ბაზირების აეროდრომის” სტატუსის მინიჭების თაობაზე, ეს სტატუსი კი სამოქალაქო და სახელმწიფო (სამხედრო, სასაზღვრო, საბაჟო და სხვა სახის ავიაცია სახელმწიფო ფუნქციების განსახორციელებლად) ავიაციის ერთობლივ ბაზირებას ითვალისწინებს.
«ეჭვგარეშეა, რომ რიგითი მოქალაქეებისთვის არავითარი ფრენები არ იქნება. ჩვენი აეროპორტი უბრალოდ გადასცეს რუსებს, ისევე, როგორც ნახევარი აფხაზეთი, ვალების დასაფარად. ხომ ნათელია, რომ ჩვენ მას ვერ გამოვიყენებთ, რადგან არც თვითმფრინავები გაგვაჩნია და არც ფული მათ შესაძენად. გამოდის, რუსები აეროპორტს საკუთარი შეხედულებებისამებრ სრულად გამოიყენებენ!», - თვლის ჩვენი რესპონდენტი ბატალი. მისი აზრით, შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იქნა მიღებული — უბრალოდ ხალხისთვის ამის გამხელა რატომღაც «გადაავიწყდათ».
დავინტერესდი, მოსახლეობა რას ფიქრობს აეროპორტის ამოქმედების პერსპექტივაზე. პირდაპირ გეტყვით, რესპონდენტების პასუხებმა გამაკვირვა. მათი უმრავლესობა პროექტს უპერსპექტივოდ მიიჩნევს. არიან, რა თქმა უნდა, ისეთებიც, ვინც იდეას იმედით ეკიდება და აეროპორტის ამოქმედებას მოუთმენლად ელის. თუმცა ერთნიც და მეორენიც პროექტთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ რიგ ეჭვებს გამოთქვამენ.
«ვინმეს სჯერა, რომ ეს ჩვენთვის — აფხაზეთის რიგითი მაცხოვრებლებისთვის კეთდება? სად უნდა ვიფრინოთ — სირიაში, ნიკარაგუაში, ვენესუელაში?! რატომ უნდა ვხარჯოთ მილიარდები იმაში, რასაც ვერ გამოვიყენებთ?! არ უნდათ, ეს ფული ხალხის უამრავი პრობლემის გადაჭრას მოახმარონ? ჩვენი ყოფა ხომ დღითიდღე უარესდება!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე მილანა.
«რუსეთში სიარულის ფუფუნება ყოველ აფხაზურ ოჯახს როდი აქვს, - ხალხი შვილებისთვის საკვების შოვნაზე ფიქრობს. რაში გვჭირდება ამ ფონზე მსგავსი პროექტი?! ვინმეს იმედი აქვს, რომ სოხუმიდან მოსკოვში ფრენა უფრო იაფი იქნება, ვიდრე სოჭიდან?!», - ამბობს ჩვენი რესპონდენტი რუსტამი. მამაკაცი დარწმუნებულია, რომ აეროპორტი რომც ამოქმედდეს, რუსები ყველაფერს გააკეთებენ კოლოსალური ფასების დასაწესებლად, რომ ეს მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ აეროპორტი დაუბრკოლებლად გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის, ეს მიზნები კი სულაც არ არის უწყინარი. «რუსეთს ფეხებზე ჰკიდია აფხაზეთი და ჩვენ - აფხაზებიც. მას საჰაერო საავიაციო პოლიგონი სჭირდება საკუთარი საზღვრების დასაცავად. ამ მიზანს გეორაფიულადაც მშვენივრად ვუხდებით და ჩვენი აეროპორტიც — საამისოდ ის ბევრად უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, იგივე ადლერის», - დარწმუნებულია მამაკაცი.
ასეა თუ ისე, აფხაზეთს კვლავ ეწვივნენ რუსი მაღალჩინოსნები. მათ არა მარტო მოინახულეს აეროპორტი და მიმდებარე ტერიტორია, არამედ, არსებული ინფორმაციით, ჩასატარებელი აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაც მოამზადეს. ტრადიციულად, პროექტის რეალიზებისთვის საჭირო ხარჯებს რუსეთი გამოყოფს, სამუშაოებსაც რუსული კომპანიები ჩაატარებენ.
უბედურება ისაა, რომ აფხაზეთში ეს თანხები ჩავა მორიგ ვალად, რომლის დაფარვაც რესპუბლიკას არაერთი ათწლეულის განმავლობაში მოუწევს. არადა, ჯერ ხომ რუსეთის მიერ თავსმოხვეული სარკინიგზო კრედიტიც ვერ დავფარეთ, რომელიც ისედაც ძლივს მსუნთქავ აფხაზურ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს.
რა გამოდის: საბოლოოდ ჩვენ ვიხდით, მუსიკას კი რუსეთი უკვეთს? აეროპორტსაც, როგორც ჩანს, იგივე ბედი ეწევა, რაც რკინიგზას, რომელიც თითქოს არსებობს, მაგრამ რეალურად — არა. აფხაზეთი კი ამასობაში იმატებს მორიგ მრავალმილიარდიან ვალს, რომელიც ჩვენს სამშობლოს ალბათ, საბოლოოდ დაასამარებს.
ასტანდა ბგანბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება