„ეს სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება!“ – ნინოწმინდის პანსიონიდან ვიდეოები კანონდარღვევით გავრცელდა

04-06-2021 19:06:57 საზოგადოება

ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ მძიმედ მიმდინარე მოვლენების ფონზე, მეუფე სპირიდონის ფეისბუქ–გვერდზე სამი ვიდეო გავრცელდა ლაივ–რეჟიმში გავრცელდა. მის გამავრცელებელს არ უზრუნია ბავშვების სახეების დაფარვაზე: ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სოცმუშაკებთან ურთიერთობას მეუფე სპირიდონი ურთიერთობას ატირებული ბავშვის თანდასწრებით არკვევს, ესაუბრება ბავშვის დედას მობილური ტელეფონის საშუალებით, ეკითხება, სურს თუ არა, სოცმუშაკებმა გადაიყვანონ მისი შვილი და დასკვნის სახით ამბობს, რომ „სოცმუშაკები ყაჩაღებივით იქცევიან“. თავად სოცმუშაკები კი მდუმარედ, მსმენელის ამპლუაში არიან წარმოდგენილები და პროცესებს მეუფე სპირიდონი წარმართავს.

კიდევ ერთ გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც ასევე იდენტიფიცირებულნი არიან არასრულწლოვანები, მეუფე სპირიდონი ბავშვების თანდასწრებით ესაუბრება ერთ–ერთი აღსაზრდელის დედას და არკვევს, სურთ თუ არა როგორც მშობელს, ისე თავად აღელვებულ ბავშვებს პანსიონიდან გადაყვანა. გავრცელდა მესამე ვიდეოც, სადაც უკვე მცირეწლოვნები ჰყავ წარმოდგენილნი წიგნებით ხელში და ასევე მკაფიოდ გარჩევადია მათი სახეები.

ვიდეოებს სოციალურ ქსელში მღელვარება მოჰყვა, მოთხოვნით, რომ შეაჩერონ „სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა“ ბავშვებზე. საკითხის მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა.

იხილეთ ასევე: რას ყვებიან აღსაზრდელები სოცმუშაკებთან და რას იძიებს შსს?

„პირდაპირ ეთერში ვნახეთ ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობის და ზეწოლის შემთხვევები“

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია (რომლის წარმომადგენლებსაც, მიუხედავად კანონით მინიჭებული უფლებისა, არ უშვებენ პანსიონში და არც სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას) ვიდეოების შესწავლის შემდეგ პრობლემურ სამართლებრივ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას რამდენიმე მიმართულებით:

  • ზეწოლა ბავშვებზე;
  • მდუმარე სოცმუშაკები.

„პირდაპირ ეთერში ვნახეთ ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობის და ზეწოლის შემთხვევები. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა გარემოა პანსიონში: კამერების წინ ხდება ბავშვების იძულება, ზეწოლა, ვნახეთ ატირებული ბავშვი, პოზიციის დაფიქსირების მცდელობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე – ეს არ არის გარემო, სადაც უნდა დაუსვა ბავშვს შეკითხვები და ჩააყენო ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ცალსახად უნდა ვთქვა, რომ როდესაც ბავშვი სახელმწიფოს მზრუნველობაშია, გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სახელმწიფო, მხოლოდ სახელმწიფოა ვალდებული, ბავშვის განთავსებასთან დაკავშირებით, მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება და მსგავსი ტიპის ჩარევა და ზეწოლა [რაც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს – რედ]დაუშვებელია!

ვნახეთ „ატუზული“ სოცმუშაკები და შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რა ტიპის აგრესიული გარემოა. „თქვენ არ იღებთ მსგავს გადაწყვეტილებას, სახელმწიფოა გადაწყვეტილების მიმღები“– როდესაც მათაც ვერ გაბედეს ამაზე საუბარი, როგორ წარმოგიდგენიათ, იქ ვინმემ ამოიღოს ხმა რაიმე პრობლემასთან დაკავშირებით?!“,– ამბობს თემის კომენტირებისას ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სოცმუშაკების, ფსიქოლოგების, საგამოძიებო ორგანოების მუშაობა, მაგრამ სახალხო დამცველი ახორციელებს კომუნიკაციას ბავშვებთან შესაბამისი დარგის ექსპერტების ჩართულობით და მსგავს მონიტორინგის განხორციელება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ უწყებას არ შეუძლია.

სახალხო დამცველი კვლავ პანსიონში შესვლაზე ნების დართვის მოლოდინშია, თავადაც გეგმავს ვიზიტს:

„ჩვენ იქ ჩავალთ მონიტორინგის განსახორციელებლად და არა იმისთვის, რომ ვინმეს რამეზე მოველაპარაკოთ ან შევუთანხმდეთ“.

„სახელმწიფო დაყენებულია კუთხეში!“

ბავშვთა უფლებადამცველი ანა აბაშიძე კონკრეტულ ვითარებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„სრულიად არაადეკვატურ რეალობაში ვართ: სრულიად მივიწყებულია ბავშვთა კოდექსი, ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ახლა ვხედავთ სახელმწიფოს და საპატრიარქოს „ინტერესს“. არც ერთ მათგანს არ ახსოვს ბავშვი! სახელმწიფო დაყენებულია კუთხეში. ამ წუთას სჩადის დანაშაულს ბავშვების მიმართ და სახელმწიფო თანამოზიარეა. ეს არის ჯგუფური დანაშაული: კუთხეში დაყენებული სახელმწიფო უყურებს მოძალადე სპირიდონს, რას უკეთებს ბავშვებს. ეს წნეხია ბავშვებზე, მშობლებზე – პირდაპირ ტრანსლირებას ახორციელებენ, მორალურად თრგუნავენ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სოციალური სიდუხჭირის გამო უწევთ, ბავშვები იქ ამყოფონ. ეს არის „თაიგული“ დანაშაულების“.

აბაშიძე ამბობს, გავრცელებული ვიდეოები მოსამართლეს გადაეცა:

„მოსამართლეს სამუშაო მაგიდაზე უდევს ეს ვიდეოები. ეს ბოლო ლურსმანია ჩვენი შუამდგომლებისა, რომელიც ამბობს, რომ ეს პანსიონატი ძალადობის ბუნაგია, სადაც ბავშვებს ემოციურად „ხორცის საკეპ მანქანაში“ ატარებენ. ეს სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება ფინანსურად და მორალურადაც. ყველას უნდა რცხვენოდეს, ვისაც ახლა პასუხისმგებლობა აქვს!“.

9.8 მილიონამდე ლარი ბიუჯეტიდან

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ნინოწმინდას პპანსიონი 2012 წელს დაარსდა და მას შემდეგ ბიუჯეტიდან 9.8 მილიონამდე ლარი გადაუხადეს. დაარსებიდან დღემდე პანსიონის ხელმძღვანელი გოჩა აბულაძე/ეპისკოპოსი სპირიდონია.პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და ის სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხებიდან ფინანსდება:

"სახელმწიფო ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს გადასცემს საპატრიარქოს. სწორედ ამ 25 მილიონი ლარიდან ფინანსდება აღნიშნული ბავშვთა პანსიონიც. დაარსებიდან, 2012 წლიდა დღემდე პანსიონის დასაფინანსებლად 9,745,800 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების სამართლებრივი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიტის სამსახურის მანდატი არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაზე.

გარდა ფინანსური კონტროლის არარსებობისა, სახელმწიფო არც იმ სამართლებრივი კონტროლის მექნიზმებს იყენებს, რომელიც მას სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში შესაბამისი კონტროლის განხორციელებას ავალდებულებს. ამის პარალელურად ყოფილი სახალხო დამცველი აღნიშნავს რომ ჯერ კიდევ 6 წლის წინ მათ ანგარიშებში საუბარი იყო ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პანსიონი აღსაზრდელების მიმართ“.

სისხლის სამართლის საქმეები

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გაუპატიურების მუხლითაც. 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის ოთხ (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ომბუდსმენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2020 წლის ივნისიდან მათ წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღო.

პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც. ერთადერთი სოცმუშაკი დაწესებულებაში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს შევიდა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოფიციალური ინფორმაციით, 53 ბავშვი ირიცხება, თუმცა როგორც მეუფე სპირიდონისგან ირკვევა, 150-მდე ბენეფიციარი ჰყავთ. მათგან ექვსი ბავშვი სოციალურმა მუშაკებმა გაიყვანეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები