PHR: სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გამოიყვანონ
05/06/2021 13:17:12 სამართალი
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა, – ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გუშინ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა ჩვენი შუამდგომლობა და სრულად დაგვეთანხმა საფრთხის არსებობაში, რაც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ახლავე უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.
ანა აბაშიძის თქმით, მოსამართლემ განმარტა: „სასამართლო მიიჩნევს, იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება, შეექმნას საფრთხე. ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის თავად პანსიონში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა“.


