
«აფხაზეთი თურქეთის პრეზიდენტის მიმართ ამ უკმეხ ტონს არაერთხელ ინანებს»
05/06/2021 17:23:26 კონფლიქტები
მაშ ასე, ბატონებო, უნდა ვაღიაროთ, რომ სულ უფრო ხშირად ვახდენთ საკუთარი უმეცრების დემონსტრირებას არა მარტო შიდა პოლიტიკურ, არამედ საგარეო ურთერთობათა საკითხებშიც. ახლა უკვე მათ მიმართაც, ვინც თითქოს არცთუ მტრულადაა ჩვენს მიმართ განწყობილი.
რას ვგულისხმობ? ორიოდ დღის წინ Facebook-ის სრულიად აფხაზური სეგმენტი ბოღმას ანთხევდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ. მიზეზად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ამასწინანდელი ვიზიტის მსვლელობისას ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადება იქცა იმის შესახებ, რომ «აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე უნდა გადაწყდეს».
აფხაზეთმა ამ საკითხში თურქეთის აზრი 30 წელია, იცის და ახალი არაფერი მოუსმენია. არ გვაღიარებს ანკარა და მორჩა. მაგრამ რაღაც გაუგებარი მიზეზით სოხუმმა ამჯერად თითქოს აიწყვიტა და ერდოღანის მიმართ დაუფარავი აგრესიის ნთხევა დაიწყო.
«აფხაზეთის რესპუბლიკა არავის ოკუპაციის ქვეშ არ იმყოფება და არც ერთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში არაა. თურქეთს ფაქტების იგნორირება და ქართველების ხუშტურებს აყოლა არ უღირს!», - დაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე «აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესის» აღმასრულებელმა მდივანმა ინარ გიცბამ. მას სხვა ინტერნეტ-მომხმარებლებიც აჰყვნენ და გაიმართა შეჯიბრი იმ ქვეყნის ლიდერის ძაგებაში, რომლის აფხაზეთთან ურთიერთობებს, იგივე გიცბას ამასწინანდელი განცხადების თანახმად, «კარგი მომავალი ჰქონდა».
თავად ინარ გიცბამ (რომელიც, სხვათა შორის, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილებაში, ასევე აფხაზეთის პრეზიდენტთან მოქმედი სტრატეგიული კვლევების ცენტრის გეოპოლიტიკის განყოფილებაშია ნამუშევარი) მოგვიანებით თავისი ფეისბუქ-პოსტი მონათლა «მიმართვად თურქულენოვანი აუდიტორიისადმი, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ერდოღანის ეს თეზისი მცდარი და ანგაჟირებულია». კი, კი, რა თქმა უნდა: მანამდე მათ ეს არ იცოდნენ, გიცბას მიმართვის შემდეგ კი აუცილებლად ეცოდინებათ!
რა თქმა უნდა, ეს გამოხტომა კომიკურად გამოიყურება თურქეთის პოლიტიკურ წრეებშიც კი ნაკლებად ცნობილი ექს-ჩინოსნის მხრიდან, რომლის ფეისბუქ-პოსტი სამშობლოშიც კი (მართალია, 93-მა თანამემამულემ გადააზიარა, უმთავრესად — გიცბას ნათესავებმა და ახლობლებმა) ჯეროვნად ვერც სამშობლოში დააფასეს.
«ამჯერად ბიჭებმა ერდოღანთან გადაწყვიტეს «ხუმრობა»? ეჭვი მეპარება, მან ეს ხუმრობა დაგიფასოთ! წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, რას ეთანაშებით ამ იაფფასიანი სადეზინფორმაციო პროპაგანდის გამო?!», - წერს გიცბას მიმართვის კომენტირებისას ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი. და მსგავსი კომენტარი საკმაოდ ბევრია.
თუმცა გიცბას მიმართვას მალე აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვრცელი განცხადება მოჰყვა, რომლის ტონი მისგან დიდად არ განსხვავდებოდა. «დასანანია, რომ ჩვენს რეგიონში არსებული ობიექტური რეალობის აღიარების ნაცვლად, ზოგიერთი რეგიონული პოლიტიკოსი «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის» შესახებ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებით სპეკულირებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რანგის პოლიტიკოსებს არ შეშვენით მათ გამოსვლებში იმგვარი ეპითეტების გამოყენება, რომლებიც რეგიონში არსებულ ობიექტურ რეალობას ძირშივე ამახინჯებს», - ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზეთის პოლიტიურ პროცესებს სრულად მოწყვეტილი, ცალკე აღებული ყოფილი ჩინოსნის აზრს კაცი კიდევ აიტანდა, აი საგარეო უწყების განცხადება კი, რომელიც როგორც სტილისტურად, ისე ტონალობით გიცბას მიმართვის თითქმის იდენტურია, უკვე სხვა რამაა. და აქ ყველაზე მეტ გაუგებრობას ერთი რამ იწვევს: რა თქვა თურქეთის პრეზიდენტმა აფხაზური საზოგადოებისთვის ახალი? ან იქნებ პირადად გიცბას ან თუნდაც აფხაზეთის საგარეო უწყებას დაჰპირდა ერდოღანი მანამდე რამეს, რაც არ ვიცით?!
«გაუგებარია, ვის რაში დასჭირდა ეს აჟიოტაჟი? როდის თვლიდა თურქეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად?! რამდენჯერ ჩაგვიკეტეს თურქებმა საზღვაო გზა, დაგავიწყდათ? დიახ, თურქეთში მილიონიანი აფხაზური დიასპორა სახლობს, მაგრამ ანკარას ამის გამო აფხაზეთის დამოუკიდებლობა არასოდეს უღიარებია. რა საჭირო იყო ზედმეტი ყურადღების მიპყრობა იმ ფაქტისთვის, რომ თურქეთისთვის მხოლოდ სქართველოს კუთვნილი ტერიტორია ვართ? მით უფრო სიბეცე იყო ამის გაკეთება ახლა, როცა ერდოღანის რეიტინგი ასეა გაზრდილი!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე თემური.
«პირადად ერდოღანისა და თურქეთის გავლენა დღითიდღე იზრდება, ზოგიერთმა ჩვენმა უვიცმა კი, რომელიც ამას ვერ აცნობიერებს, პოლიტოლოგობა გადაწყვიტა! სირცხვილია! თვითპიარის უხეირო მცდელობას უფრო ჰგავს, ვიდრე აფხაზეთის ბედზე ზრუნვას. ესმით მაინც, რომ მსგავსი პასკვილებით აფხაზეთს რეალურ ზიანს აყენებენ?!», - აღშფოთებულია ჩვენი თანამოსაუბრე კრისტინა.
რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, «აფხაზეთი თურქეთის პრეზიდენტის მიმართ ამ უკმეხ ტონს არაერთხელ ინანებს».
ერთი საინტერესო ფაქტი: მიმდინარე წლის მარტის ბოლოს აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესის სოხუმის ოფისს პრეზიდენტი ასლან ბჟანია ეწვია. იქ მას არა მხოლოდ ორგანიზაციის მუშაობის შესახებ უამბეს, არამედ იმ კონტაქტების თაობაზეც, რომლებიც კონგრესის წარმომადგენლებმა რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ დაამყარეს. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ იქ განუცხადეს პრეზიდენტს, რომ თურქეთის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხზე მუშაობა «თითქმის დასრულებული» იყო. რას ნიშნავდა ეს და როგორ აპირებდნენ ამ არასახელმწიფო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამის მიღწევას — არავინ იცის. სავარაუდოდ, ეს მხოლოდ პიარ-ნაბიჯი იყო ასლან ბჟანიას თვალში ორგანიზაციის «წონის» გასაზრდელად. თუმცა მტკიცება «დედას გეფიცებით, თურქეთი აფხაზეთს მალე აღიარებს» პრეზიდენტისთვის სარწმუნო, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა. ერდოღანის განცხადებამ კი მის თვალში ფიცის დამდებთა ავტორიტეტი საბოლოოდ დაასამარა.
ინარ გიცბამ და მისმა თანამოაზრეებმა უნდა იცოდნენ, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ძალზე უცნაური იქნებოდა, ანკარა მისი პარტნიორისგან 180 გრადუსით ჩვენკენ — აფხაზეთისკენ შემოტრიალებულიყო. მსგავსი ნაბიჯი, უდავოდ, თავად თურქეთისთვისაც და მისი პრეზიდენტისთვისაც მსოფლიო საზოგადოების თვალში მნიშვნელოვან კრახად იქცეოდა. განსაკუთრებით — ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. და რაკი ეს ჩვენ ვიცით, მერწმუნეთ, მათაც იციან.
თუ ასეა, ისმის კითხვა: რაში დასჭირდა ინარ გიცბასა და კომპანიას, ისედაც შავ დღეში მყოფი აფხაზეთისთვის ესოდენ სერიოზული პოლიტიკური მოთამაშეების ყურადღების ასე წამგებიანად მიპყრობა? საზოგადოების მიერ თითქმის სრულად მივიწყებული პერსონებისადმი ყურადღების მისაქცევად გამოყენებული ეს პიარი ხომ აფხაზეთს შესაძლოა, ძალზე ძვირად დაუჯდეს! მით უფრო - ახლა, როცა ანკარას მოსკოვთან ურთიერთობები თითქოს დაულაგდა და გარდა ამისა, თურქეთის, როგორც სერიოზული სამხედრო სახელმწიფოს რეიტინგი ზენიტშია.
კრისტინა ავიძბა
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება