საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის დელეგაციის წევრებმა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

07-06-2021 16:17:55 თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის სარდლობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოში ინტეგრაციას, ასევე ორ ქვეყანას შორის სამაგალითო თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადამ სტერლინგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ენდრიუ შოფერი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები