Accentnews.ge
DRI – ახალგორში „შავი სიები“ გამოაკრეს, 300-მდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა

DRI – ახალგორში „შავი სიები“ გამოაკრეს, 300-მდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა

08/06/2021 11:40:22 კონფლიქტები

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" (DRI) ცნობით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო მთავრობამ, ახალგორის მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.

DRI–ს ინფორმაციით, თუკი აქამდე ახალგორელთა დიდი ნაწილისთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახვედრად ე.წ. „პროპუსკის“ მიღება გაწელილი და მტკივნეული პროცესი იყო, ახლა ნებართვის მიღება შეუძლებელი გახდა.

ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციაში გამოიკრა იმ ადამიანების „შავი სია“, ვისაც გადაადგილების ნებართვაზე უარი გაურკვეველი ვადით ეთქვათ. სიაში 300-მდე სახელი და გვარია. უარის თქმის კრიტერიუმები და მიზანი უცნობია.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, „ოსური პასპორტის“ მფლობელები ე. წ. საზღვრის გადაკვეთას „პროპუსკის“ გარეშეც ახერხებდნენ. თუმცა, ახლა „შავ სიაში“ ე. წ. ოსური პასპორტების მფლობელებიც მოხვდნენ. მათთვის უცნობია, ერთის მხრივ, რა მიზეზით ეთქვათ უარი და მეორეს მხრივ, რა გავლენა ექნება ამას მათ მიმოსვლაზე დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. „შავი სიების“ არსებობა რეგიონში შიშის ატმოსფეროს კიდევ უფრო აძლიერებს.

აღნიშნულ „შავ სიებს“ თან ერთვის ცხინვალის ოკუირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ნომრიან ავტომობილებს ეხება. ასეთი ავტომანქანების მფლობელებს საშუალება ეძლევათ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადავიდნენ, თუმცა მანქანის უკან შემოყვანის უფლება არ აქვთ. ამასთან, გაურკვეველია იმათი ბედიც, ვისაც მანქანა არ გაჰყავს, მაგრამ როგორც ჩანს, ცხინვალში ქართული ნომრების გამო გადაადგილებას ვერ შეძლებს. ამ შემთხვევაში ზარალდებიან არა მხოლოდ მანქანის მფლობელები, არამედ ისინიც, ვინც ამ მანქანებს, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ისე იყენებდა. ამ შეზღუდვის გამო ახალგორს ის სოფლები მოწყდება, რომლის ხანდაზმულ მოსახლეობასაც იაფი ტრანსპორტი ჰაერივით სჭირდება ბაზისური სოციალური და ჯანდაცვის სერვისების მისაღებად.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დე ფაქტო მთავრობის პოლიტიკის მიზანი, რომელიც სოციალური მდგომარეობის ხელოვნურ დამძიმებას და რეგიონის მარგინალიზაციას იწვევს, სავარაუდოდ, ახალგორის მოსახლეობის იმ წერტილამდე მიყვანაა, რომელიც მათ საკუთარი საცხოვრებლის დატოვებისკენ უბიძგებს. ეს ვარაუდი უკვე გამოკვეთილ ტენდენციას ეფუძნება. ამ ბოლო პერიოდში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგორელ პედაგოგს, რომელიც ფაქტობრივ შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, ნება დართეს ახალგორი დატოვოს, უკან დაბრუნების ნებართვის პერსპექტივის გარეშე. ასევე, იმ 25 ახალგაზრდას, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს (სულ 519 ოკუპირებულ რეგიონში) უფლება აქვთ სწავლის გასაგრძელებლად დანარჩენ საქართველოს მიაშურონ, თუმცა დიდი ალბათობით, უკან დაბრუნებას უფლების გარეშე.

აღნიშნული ვითარება დე ფაქტო მთავრობის ახლომხედველობაზე და საზოგადოების რეალური საჭიროებების აღქმის ბუნდოვანებაზე მეტყველებს. ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი 2008 წლის ომის შემდგომ, რუსული ფინანსური დახმარების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით მიმღებია(ერთ სულ მოსახლეზე), თუმცა ამან ტერიტორიის დეპოპულაცია ვერ შეაჩერა. ერთი მხრივ, ლიახვის ხეობაში გატარებულმა ეთნიკურმა წმენდამ, მეორეს მხრივ კი დანარჩენი საქართველოსგან მიზანმიმართული იზოლაციით გამოწვეულმა უპერსპექტივობამ, რეგიონის დემოგრაფია მთლიანად შეცვალა. ეთნიკურად ოსი მოსახლეობაც რუსეთის ფედერაციაში მიემგზავრება და ტოვებს საცხოვრებელს, თუმცა უკან დაბრუნების პერსპექტივით. ამ ფონზე ალოგიკურია პოლიტიკა, რომელიც თანაბრად გაუსაძლის პირობებს უქმნის ქართველი და ოსი ეთნიკური წარმომავლობის პირებს ახალგორში, აიძულებს მათ, რომ მშობლიური მხარე დატოვონ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო აქტორებს, როგორც ჟენევის ფორმატში, ასევე, ოფიციალურ განცხადებებში ხაზი გაუსვან და რეაგირება მოახდინონ მსგავს ტენდენციებზე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოებისა და საერთაშორისო აქტორების მუდმივი, პროაქტიული, ინფორმირება მიმდინარე დარღვევებზე“,-აღნიშნულია DRI–ს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S