ადიგენში პოლიციას მოქალაქეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
09/06/2021 08:37:18 სამართალი
ადიგენში, სოფელ უდეში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის დედა ეკა აზირაშვილი პოლიციის მხრიდან მის შვილზე ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მან “სამხრეთის კარიბჭესთან" საუბრისას განაცხადა, 24 მაისს პოლიციას მისი შვილისთვის იარაღის ან/და ნარკოტიკის ჩადება სურდა.
„ჩემს შვილს იმიტომ ავიწროებენ, რომ ძალიან ჭკვიანია, ხალხს ძალიან უყვარს. ადიგენის პოლიცია ეუბნება ჩემს შვილს, რომ ხალხი შენ უფრო გიჯერებს ვიდრე ჩვენო. მილიციის უფროსი რომ ამას იტყვის, რა უნდა ვთქვა. მე მილიციის იმედი უნდა მქონდეს თუ მეშინოდეს?! 24 მაისი იყო, ღამე მოვიდა პოლიცია ჩემს სახლთან ფარებჩამქრალი მანქანით, ელოდებოდნენ, რომ ჩემი შვილის მანქანაში წამალი ან ავტომატი ჩაედოთ, რაც ერთხელ უკვე გააკეთეს. მივედი ადიგენის პოლიციაში, ვიკითხე რატომ აკეთებდნენ ამას, მაგრამ დამემალნენ, მერე იძულებული ვიყავი თბილისში წავსულიყავი და უფლებადამცველებისთვის მიმემართა, პარლამენტშიც ვიყავი და პრემიერ–მინიტრის სახელზეც დავწერე წერილი", – განაცხადა აზირაშვილმა.
ეკა აზირაშვილი აცხადებს, რომ "8 ივნისს, მისი 28 წლის ვაჟი, სოფლის ცენტრიდან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს და სცემეს, ხოლო პოლიციის უფროსი, თამაზ ფაილოძე ხელყუმბარისა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა.
შსს–ს ცნობით, აზირაშვილის შვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებულის ადვოკატი მუხრან ღურწკაია ითხოვს, მომხდარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიძიოს.


