რუსმა პრანკერებმა პავილიონისთან საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნეს, მასში საქართველოცაა ნახსენები
09/06/2021 10:39:11 მსოფლიო
რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა ლიეტუვას სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან - ჟიგიმანტას პავილიონისთან სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს.
პორტალ "Delfi"-ს ინფორმაციით, პრანკერები პავილიონისს მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაუკავშირდნენ. ამ საუბრის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში იყო ცნობილი, როცა გაირკვა, რომ ადამიანი, რომელმაც თავი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბის ლიეტუვაში მცხოვრებ უფროსად - ლეონიდ ვოლკოვად წარადგინა, პროვოკაციებს აწყობდა ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა სახელმწიფოების პოლიტიკოსების მიმართ.
გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში პავილიონისი საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაზე რუსეთში, ბელარუსსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დასამყარებლად, ამ სახელმწიფოებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებებთან მუშაობაზე, ევროკავშირსა და აშშ-ში ამ საკითხებში დახმარების კონცენტრაციაზე. პარლამენტარი აცხადებს, რომ გასულ წელს აშშ-ში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ «ვაშინგტონი ჯერ გონს ვერ მოეგო და მხოლოდ ახლა იქცევა ვაშინგტონად». იგი ასევე აღნიშნავს, რომ სჯერა ჯო ბაიდენის გუნდის შესაძლებლობის, რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკა გაამკაცროს.
"ვოლკოვთან" საუბრისას ლიეტუვას სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად მას "თავისი ომი აქვს საქართველოში ივანიშვილთან".
მოგვიანებით, თემის კომენტირებისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს ჟიგიმანტას პავილიონისი და მთავარია, რომ ახლო მომავალში ქვეყანას ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვევა.
ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში, ოპოზიციონერ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ იმყოფებოდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მაშინ მისი განცხადებები გააკრიტიკეს, ვილნიუსში კი ჩათვალეს, რომ პავილიონისის განცხადებებმა ლიეტუვას იმიჯს ავნო.


