თბილისის ამოცანა: რას ელიან საქართველოში NATO–ს სამიტისგან?

09-06-2021 19:09:55 საგარეო პოლიტიკა ,ანალიზი

ვიდრე ქართული პოლიტიკური კლასი მნიშვნელოვანწილად შიდა პოლიტიკურ ჭიდილზეა კონცენტრირებული და ყურადღების მიღმა ტოვებს, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები 14 ივნისის სამიტისთვის ემზადებიან და როგორც ცნობილია, ნატო–ს 10–წლიან დღის წესრიგზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ნატო, როგორც გამოხატულება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე კავშირისა. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ალიანსის არსებით და პერსპექტიულ ნატო 2030-ის დღის წესრიგზე, რათა გავუმკლავდეთ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებს. რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერთავდასხმები, კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა უსაფრთხოებაზე და ჩინეთის აღზევება“, - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

სამიტი სამწუხაროდ, არაწევრი სახელმწიფოებისთვის დახურული იქნება, შესაბამისად, საქართველო არც ერთ ფორმატში არ იქნება წარმოდგენილი, მაგრამ როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს არანაირად არ აკნინებს, მათ შორის, საქართველო–ნატო–ს პარტნიორობას.

„როგორც წესი, როდესაც აშშ–ის პრეზიდენტის არჩევა ხდება, ნატო–ს სამიტები ნატო–ს წევრებისთვის იმართება ხოლმე. ამდენად, ეს არ არის ახალი პრაქტიკა“,– ამბობს საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი თეონა აქუბარდია, თუმცა იქვე მიუთითებს განსხვავებულ პრაქტიკაზე, მაგალითად, დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ საქართველო სამიტზე წარმოდგენილი იყო.

GIPA-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე ნატოს– წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერების თუ წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ვიზიტებზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრის თურქეთის პრეზიდენტთან კომუნიკაციაზე გვიმახვილებს ყურადღებას და გვეუბნება, რომ „მნიშვნელოვანია, ფორმატში, რომელსაც საქართველო ვერ ესწრება, მისმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მოახდინონ საქართველოს ინტერესების ადვოკატირებაა“:

„სადღეისოდ ესაა ჩვენი ამოცანა“.

რა წერია ნატო–ში ინტეგრაციის მხარდამჭერ გაცხადებაში?

პოზიტიურია ის გარემოება, რომ მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოსა და შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისა, ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებით საერთო განცხადებაზე შეჯერება შეძლეს: საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა ნატო–ში ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადება, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილმა პარტიებმა. როგორც ცნობილია, ტექსტი ოპოზიციური პარტიების ჩართულობით მომზადდა და ხელიც მოეწერა. განცხადებას სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ ენმ–ს წევრებიც, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში 7–თვიანი ბოიკოტის შემდეგ 8 ივნისს პირველად მივიდნენ.

რაც შეეხება თავად განცხადებას, მასში აღნიშნულია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები სრულად იზიარებენ იმ ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია და აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ახორციელებს პროგრესს ნატოსთან სრული თავსებადობის მისაღწევად:

„ერთხმად ვადასტურებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ინტერესი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართოპოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას.

გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მედეგობა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობა, აგრეთვე მოემზადოს ნატოს წევრობისთვის.

მოვუწოდებთ ნატოს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა, ვინაიდან ქვეყანა ემზადება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივად შეთანხმებული, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გამიზნული, ამბიციური რეფორმების განხორციელებისთვის, ასევე უზრუნველყონ უფრო მტკიცე დახმარების გაწევა და გამოცდილების გაზიარება მზარდი და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ბოლო წლების განმავლობაში, ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუარესდა. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნების დემოკრატიებს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში ნატოს ჩართულობა, როგორც მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტაბილიზებელი ფაქტორი, უწინდელზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს.

მივესალმებით ამბიციურ ანგარიშს „ნატო 2030: გაერთიანებულები ახალი ეპოქისათვის“ და გამოვთქვამთ იმედს, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია სათანადოდ ასახავს ამ მოხსენების რეკომენდაციებს ღია კარის პოლიტიკის, შავი ზღვის შესახებ ნატოს ხედვისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლის თაობაზე.

გამოვხატავთ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი ნატოსადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლების მოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად.

ხაზგასმით აღვნიშნავთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად. საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, ნატოს წევრობის მოსურნე ქვეყნების ნატოში გაწევრიანება გაამყარებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, შეაჩერებს პოტენციურ აგრესორებს და დაგვაახლოებს „ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპასთან“.

გვჯერა, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტი იძლევა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირების შესაძლებლობას. ვინაიდან საქართველო არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ სამიტზე, ნატოში ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ეს ერთობლივი განცხადება მიიღონ, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო მრავალპარტიული მხარდაჭერა.

გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოში უფრო ღრმა ინტეგრაციას და საბოლოო წევრობას".

რას ელიან საქართველოში ნატო–ს სამიტისგან

საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი, ამჟამად „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს თეონა აქუბარდიას უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით დიდი მოლოდინები არ აქვს, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს სტრატეგიას, რომლის მიღებაც ნატო–ს სამიტზეა განზრახული და რომელიც აქუბარდიას ხედვით, განახლებას ნამდვილად საჭიროებდა:

„სტრატეგიის პროექტში საკმაოდ მკაფიო გზავნილებია რუსეთთან, რუსულ ჰიბრიდულ ომთან, ჩინეთთან, ნატო–ს როლთან მიმართებაში, მათ შორის, მხარი დაუჭიროს პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან შევიწროებას განიცდიან (მხედველობაში მაქვს საქართველო და უკრაინა). ამდენად, სტრატეგია მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, თუ რა მიდგომა ექნება ნატო–ს საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთის შეკავებასთან დაკავშირებით – შავი ზღვის უსაფრთხოება რომ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ეს ვიცით. აქ მთავარია, საშინაო დავალება, სადაც მნიშვნელოვანი ხარვეზები გვაქვს (ვგულისხმობ დემოკრატიას), შევასრულოთ და ამის შესაძლებლობას იძლევა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი“.

GIPA-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, რომ ეს არ არის ალიანსის გაფართოების სამიტი, მაგრამ არის ნატო–ს თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის სამიტი, უნდა მიიღოს რა გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ – როგორ ესახება განვითარება, მათ შორის, როგორ უყურებს ჩვენს რეგიონს, შავ ზღვას და ასპიტანდ ქვეყნებს.

ფხალაძე სამიტზე სამსჯელო დოკუმენტში მოხვედრილ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის, იმაზე, რომ საქართველო განიხილება შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების ნაწილად:

„ერთია, როდესაც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ერთ–ერთ პარტნიორად განიხილები და მეორე – როგორც პრიორიტეტი. ამიტომ, მგონია, რომ ეს სამიტი ამ სტრატეგიულ კონტექსტში მოგვცემს ნათელ ხედვას, თუ როგორ უყურებს ალიანსი მომავალს, მათ შორის, ჩვენთან და ასევე, რუსეთთან მიმართებითაც – ალიანსმა თავისი ძალიან მკაფიო ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს რუსეთთან მიმართებაში. ამდენად, ეს შესაძლოა, არ არის ის პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელშესახებად ჩანს, მაგრამ ამ სამიტზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, საიდანაც შემდგომი პრაქტიკული გადაწყვეტილებები გამომდინარეობს“.

ფხალაძე იმედოვნებს, საქართველოს კონტექსტში მოვისმენთ საჭირო პოლიტიკურ გზავნილებს:

„რუსეთი ჩერდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ხედავს, რომ გარკვეულ თემებთან დაკავშირებით არსებობს დასავლეთის ერთიანი, მწყობრი პოლიტიკა, რაც გულისხმობს, რომ რუსეთი ძვირს გადაიხდის იმისთვის, რასაც საქართველოში აკეთებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილები და ვიტოვებ იმედს, რომ მსგავს გზავნილებს სამიტიდან მოვისმენთ“.

ამასთან, ფხალაძე ამბობს, რომ სამიტი უნდა განვიხილოთ არა როგორც ცალკეული, არამედ, პარალელურად მიმდინარე თუ დაგეგმილი ღონისძიებების კონტექსტში: „დიდი შვიდეული“, ამერიკა–ევროკავშირის სამიტი, აშშ–ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა და ფიქრობს, რომ ყველა შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება კრემლის ლიდერის საამაყო გეოპოლიტიკური პროექტი – „ჩრდილოეთ ნაკადი 2“:

იხილეთ ასევე: მრავალმილიარდიანი "საჩუქარი" პუტინს თუ ნაბიჯი უკან მძიმე შეხვედრისთვის?

„ვახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება საბოლო ჯამში – თუ არ ამუშავდება, რატომ და თუ პირიქით, რის ფასად, რისი დათმობა მოუწევს რუსეთს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები