
სომეხი ოპოზიციონერი: "ყირიმი ჩვენია"
10/06/2021 08:19:44 კავკასია
«რუსეთი ჩვენი მოკავშირეა და უკეთესი მოკავშირე ვერ გვეყოლება», – განაცხადა კრემლის YouTube-არხ "Соловьёв Live"-თან ინტერვიუში სომხეთის უშიშროების ეროვნული სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, ამჟამად ოპოზიციონერმა არტურ ვანეციანმა, რომელიც პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებისთვის ოპოზიციური ბლოკის კანდიდატთა სათავეშია.
ამასთან, წამყვანის კითხვაზე, "ვისია ყირიმი?", მან განაცხადა «Крым наш» (პუტინის ნარატივი "ყირიმი ჩვენია").
«სომხური თუ რუსული?», – სიცილით ჩაეკითხა სოლოვიოვი.
«უფრო სწორად, თქვენი, რუსული. ყირიმელთა 95%-მა რეფერენდუმზე რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი და ხალხის ნება ურყევია. ვფიქრობ, ყირიმელთა თვითგამორკვევის უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი და დარწმუნებული ვარ, რომ დიახ, ყირიმი რუსულია» - დააზუსტა თავისი პოზიცია სომეხმა ოპოზიციონერმა.
ამავდროულად მან ყარაბაღთან და 1990-იან წლებთან გაავლო პარალელი.
«ყარაბაღში მცხოვრები ხალხი ასევე თვითგამოერკვა რეფერენდუმის გზით, მაგრამ სამწუხაროდ, მას მხარი არ დაუჭირეს. მხარს უჭერდა რუსეთი, ზოგიერთი სხვა ქვეყანა, მაგრამ ყარაბაღის ბოლო ომმა აჩვენა, რომ ამ კონფლიქტის დარეგულირების სამი ფუძემდებლური პრინციპიდან (ხალხის თვითგამორკვევის უფლება, ტერიტორიული მთლიანობა და ძალის არგამოყენება) ბოლო ორი დაირღვა», – აღნიშნა ვანეციანმა.
ინტერვიუს მსვლელობისას მან სომხეთსა და რუსეთს შორის "სწორი, პირდაპირი" ურთიერთობების ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი.
საარჩევნო ბლოკი, რომლის სიასაც ვანეციანი უდგას სათავეში, მისი პარტია "მამულისგან" და ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ყოფილი მმართველი რესპუბლიკური პარტიისგან შედგება.