
შსს გუმათში კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ იუწყება
10/06/2021 14:41:29 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული დ. ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, შსს-მ რამდენიმე დღის წინ 1992 წელს დაბადებული ირაკლი მუკბანიანი დააკავა. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ მუკბანიანი სასაფლაოზე თანმხლებ პირებთან ერთად მუშაობდა, რა დროსაც მათთან სპეცრაზმი მივიდა და იქ შეკრებილ პირებს გაუფრთხილებლად, ფეხებში ესროლეს. მათივე თქმით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა, ერთს კი რეზინის ტყვია მოხვდა.
ირაკლი მუკბანიანს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება.