
აპატურაი – ე.წ. ექვსთა ფორმატზე: „მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით განხორციელდეს“
10/06/2021 16:33:09 პოლიტიკა
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ზოგადად, NATO მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ იგი ყველა აქტორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით განხორციელდეს.
ამის შესახებ მან „აქცენტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“ზოგადად, NATO მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობას, რადგან იგი აყალიბებს ურთიერთნდობას, ზრდის პროგნოზირებადობასა და სტაბილურობას. ამასთანავე, რეგიონული ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერებამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა განხორციელდეს თანაბარი პირობებით, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის (საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში) სრული პატივისცემით და ყველა დაინტერესებული აქტორის დამოუკიდებლობის დაცვით. ამ თვალსაზრისით მესმის დათქმის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რეგიონული თანამშრომლობის ამ ფორმის მიმართ შეიძლება, გააჩნდეს”, – განაცხადა აპატურაიმ.
ცნობისთვის: ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონული აქტორები თანამშრომლობის ე.წ. ექვსთა (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) ფორმატის ჩამოყალიბების იდეას უჭერენ მხარს. საქართველო ერთადერთი აქტორია, რომელიც მასზე რუსეთის ფაქტორის გამო უარს აცხადებს.