აპატურაი: "დარწმუნებული ვარ, ვიპოვით გზებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო დარჩეს NATO–ს ერთ-ერთ მთავარ ოპერაციულ პარტნიორად"

10-06-2021 20:43:40 პოლიტიკა ,თავდაცვა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO –ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ალიანსს სურს, საქართველოსთან შევინარჩუნოს თავსებადობის მაღალი დონე ავღანეთში NATO–ს მისიის დასრულების შემდეგაც.

ამის შესახებ მან „აქცენტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

"მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს მიერ ავღანეთში ჩვენს ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილი ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენ მას ვაფასებთ. ავღანეთში ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ ახლა ავღანელ ხალხზეა დამოკიდებული, შექმნას მდგრადი მშვიდობა, რომელიც დაეფუძნება ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას. იგი ითვალისწინებს ძალადობის შეწყვეტას, ყველა ავღანელის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და უმცირესობების უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას და იმის უზრუნველყოფას, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქცეს ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფრად.

ალიანსის ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შედეგად სადღეისოდ ჩვენი მოკავშირეების შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თავსებადობის ხარისხი მნიშვნელოვნადაა ამაღლებული. გვსურს, ეს გამოცდილება და თავსებადობის მაღალი დონე ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგაც შევინარჩუნოთ. საქართველო ერთ-ერთია ალიანსის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ძალზე მცირერიცხოვან პარტნიორებს შორის, რაც იძლევა მთელ რიგ ინსტრუმენტებს სამომავლოდ ერთობლივი მუშაობის გასაგრძელებლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით გზებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო დარჩეს NATO–ს ერთ-ერთ მთავარ ოპერაციულ პარტნიორად", -განაცხადა აპატურაიმ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები