ვაქცინებით სხვა ქვეყნებს ბრიტანეთიც დაეხმარება

11-06-2021 12:07:18 მსოფლიო

აშშ-ის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმაც გამოთქვა მზაობა, მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით დაეხმარება. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო სხვა ქვეყნებს 100 მილიონ დოზას გაუნაწილებს.

მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებაა ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ. სამიტი დღეს იხსნება დიდი ბრიტანეთის კორნუოლის საგრაფოში. სავარაუდოა, რომ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, კანადა და იაპონია) სხვა ქვეყნებს გაუნაწილებენ საერთო ჯამში, მილიარდ დოზა ვაქცინას.

სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე, დიდ ბრიტანეთში მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 92 ქვეყანა, რომელსაც დაბალი, ან საშუალო შემოსავალი აქვს და ასევე, აფრიკის კავშირის ქვეყნები აშშ-ისგან „ფაიზერის“ ვაქცინის 500 მილიონ დოზას მიიღებენ.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აშშ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს, საქართველოცაა.

თბილისში ვიზიტად მყოფმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ „საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები