პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ–ის პრეზიდენტს აკრიტიკებს

11-06-2021 17:27:00 მსოფლიო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს. რაუ მიზეზად საზღვარგარეთ ბაიდენის პირველი ვიზიტის დროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან არშეხვედრას ასახელებს, - იუწყება Reuters.

„სამწუხაროდ, ამერიკის დელეგაცია, რომელიც ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით ევროპაში ჩამოვიდა, იმდენად დაკავებულია პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრით, რომ აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებთან შეხვედრების ორგანიზება ვერ შეძლო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მან "დასანანი" უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის პროექტისთვის "მწვანე შუქის" ანთების თაობაზე:

„ამერიკელმა მოკავშირეებმა ვერ გამონახეს დრო მსოფლიოს იმ რეგიონთან კონსულტაციისთვის, რომელიც ამ გადაწყვეტილების გამო ყველაზე მეტად არის დაზარალებული. ვინ გადაიხდის გერმანიის და ამერიკის შეცდომებისთვის?!".

ჯო ბაიდენი ევროპული ტურნეს ფარგლებში „დიდი შვიდეულისა" და ნატო–ს სამიტებში მიიღებს მონაწილეობას, შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ლიდერებთან, 16 ივლისს კი ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები