რა წერია ნატო–ს სამიტის კომუნიკეში საქართველოს თაობაზე

14-06-2021 19:50:47 პოლიტიკა

ნატო–ს ლიდერების მიერ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში საქართველოზეც არის საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ალიანსის ლიდერები ბუქარესტის სამიტის ერთგულნი რჩებიან.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებასთან ერთად, რომელიც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილია; ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ნებისმიერი პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურების მიხედვით. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი, რომელიც გარე ჩარევისგან თავისუფალი იქნება. როგორც "გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი", საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან ბევრი მიმართულებით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მიერ ნატო–ს ოპერაციებში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს, რაც აჩვენებს მის ერთგულებას ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მივესალმებით 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულფასოვნად განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს – ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში. ჩვენ მზად ვართ, ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სრულად გამოვიყენოთ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ალიანსი მიესალმება რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს, ეს ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ნატო–სთან თავსებადობაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მომზადებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით "ნატო-საქართველოს პაკეტის" განახლების ფაქტს. ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგობის გაწევის კუთხით, ტრენინგებისა და წვრთნების მიმართულებით. მოუთმენლად ველით, ნატო-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს", – ნათქვამია კომუნიკეში.

ამასთან, დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები, რომლებიც დისლოცირებული ჰყავს სამივე ქვეყანაში მათი ნებართვის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და ძალისმიერი მცდელობა, დააშოროს ეს რეგიონები დანარჩენ საქართველოს, რასაც რუსეთი აგრძელებს ხელოვნური ბარიერების მშენებლობის გზით. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი“, – ნათქვამია ნატო-ს კომუნიკეში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები