გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დაკავებულ მძღოლს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

15-06-2021 20:09:54 სამართალი

2020 წლის 29 ოქტომბერს გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შეთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ სატვირთო მანქანის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების 10-წლით აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სატვირთოს მძროლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც შეეჯახა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სამგზავრო მიკროავტობუსს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და მისი 5 მგზავრი დაიღუპა, ხოლო ორმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

“სამართალდამცველებმა მ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. სრულიად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, წარდგენილი ბრალდებისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, მასვე სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა” – აცხადებენ პროკურატურაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები