
ერდოღანი: "ღარიბაშვილს "ექვსთა ფორმატის" სარგებელი განვუმარტე და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ"
16/06/2021 13:56:57 კავკასია
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანკარაში ამასწინანდელი ვიზიტის დროს მან "ქართველ სტუმარს სამხრეთ კავკასიაში "ექვსთა ფორმატის" სარგებლიანობის შესახებ უამბო".
«საუბარია თურქეთზე, რუსეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე, სომხეთსა და ირანზე. საქართველოს რიგი კითხვები ჰქონდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს მე მას განვუმარტე ამ პლატფორმის სარგებელი. ამ რეგიონს სჭირდება მშვიდობა და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების კვალდაკვალ თურქეთიც გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს. სარგებელი, რომელიც თურქეთს შეუძლია, სომხეთს მოუტანოს, აურაცხელია», – განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) რიგგარეშე სხდომაზე.
ე.წ. ზანნგეზურის დერეფანზე საუბრისას, რომელმაც ბაქო სომხეთის სიუნიკის ოლქის გავლით ნახჭევანის ავტონომიას უნდა დაუკავშიროს, ერდოღანმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო მარშრუტი თავის წვლილს შეიტანს მთელი რეგიონის განვითარებასა და კეთილდღეობის ზრდაში.
«მშვიდობა კავკასიაში არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს, მათ შორის - სომხეთისაც. ჩვენ ერთობლივად და სრულფასოვნად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა კავკასიას "ბორკილები" ვეღარავინ დაადოს», – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
ამასთან,მან აღნიშნა, რომ ზანგეზურის დერეფნით სარგებლობას შეძლებენ სომხეთის მაცხოვრებლებიც, რომლებიც "რკინიგზით დაუკავშირდებიან მსოფლიოს, მათ შორის - რუსეთს და ამით ამოვლენ ბლოკადიდან, რომელშიც თავად მოიმწყვდიეს თავი".