
“ნეტა რა გაუკეთებია ჩვენთვის? ან რას გვაძლევს მისი კონცერტი?!” - ბასკოვის ვიზიტი აფხაზურ საზოგადოებაში არაერთგვაროვნად აღიქვეს
16/06/2021 17:27:29 კონფლიქტები
“რუსეთის დღეებთან დაკავშირებით” გუშინ სოხუმში პრეზიდენტ პუტინის ფონდიდან დაფინანსებულ პროექტ “აფხაზეთის მომავლის” პრეზენტაცია გაიმართა. ამ მოვლენას მიეძღვნა კონცერტიც, რომელშიც აფხაზეთში ჩასულმა მომღერალმა ნიკოლაი ბასკოვმაც მიიღო მონაწილეობა.
საოპერო მომღერალმა, რომელიც დიდი ხანია, პოპ-მუსიკაზე გადაერთო, ამჯერადაც შეკრებილთ საკმაოდ უგემოვნო პოპ-კომპოზიცია შესთავაზა, რომლის დროსაც სცენაზე ენერგიულად გადაადგილდებოდა და დახტოდა.
კონცერტის დასრულების შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუს სტუმარს III ხარისხის ოდნები «Ахьдз-апша» («ღირსება და პატივი») გადასცა.
ამას აფხაზური საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ბევრი ინტერნეტ-კომენტატორი აღნიშნავდა, რომ ბასკოვს “აფხაზეთისთვის არაფერი გაუკეთებია, სცენაზე აქეთ-იქით ხტომა კი აფხაზეთს არ შეეფერება”. “ნეტა რა გაუკეთებია ჩვენთვის? ან რას გვაძლევს მისი კონცერტი?!” - წერდნენ ფეისბუქის აფხაზურ სეგმენტში. ზოგიერთმა კომენტატორმა კი ბასკოვის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზეც გაამახვილა ყურადღება.
საზოგადოების მეორე ნაწილი მომღერლის დაცვას შეეცადა. კომენტატორების აზრით, ბასკოვის აფხაზეთში ჩასვლა “არა მხოლოდ კულტურული მოვლენაა რესპუბლიკისთვის, არამედ ვაჟკაცობის გამოვლინებაც”: “ბასკოვი ხომ, ზოგიერთებისგან განსხვავებით, დასავლეთის სანქციებს არ შეუშინდა [ამასწინათ ყირიმში ვიზიტის შემდეგ მომღერალი უკრაინულ საიტ «Миротворец»-ის ბაზაში შეიყვანეს – რედ.] და ეს უნდა დავაფასოთო!”.
იხილეთ ასევე: "არუაა" აფხაზეთში ნურმაგომედოვის ვიზიტის ჩაშლის გამო ენგურზე გადაადგილების მაქსიმალურ შეზღუდვას მოითხოვს