კრემლმა ბაიდენისა და პუტინის ერთობლივი განცხადების ტექსტი გამოაქვეყნა
16/06/2021 17:30:46 მსოფლიო
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ვლადიმირ პუტინმა დღეს ჟენევაში გამართული მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სტრატეგიული სტაბილურობის თემაზე ერთობლივი განცხადება შეათანხმეს, რომლის ტექსტი ცოტა ხნის წინ კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
«დღეს ჩვენ ვადასტურებთ იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომ ბირთვულ ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება და ის არასოდეს უნდა მოხდეს», — ნათქვამია, კრემლის ინფორმაციით, ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ 2020 წელს სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივება იქცა დემონსტრაციად ერთობლივი სწრაფვისა, ბირთვული იარაღი კონტროლს ექვემდებარებოდეს.
კრემლის ინფორმაციით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბირთვული ომის არდაშვების მიზნით სამომავლოდ რუსეთი და აშშ დაიწყებენ დიალოგს სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე.
«მსგავსი დიალოგის მეშვეობით ვისწრაფვით, საფუძველი ჩავუყაროთ რისკების შემცირების ღონისძიებებსა და შეიარაღებაზე მტკიცე კონტროლს», — ნათქვამია, კრემლის ინფორმაციით, ერთობლივ განცხადებაში.


